ლევან იოსელიანი – თუ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, სრული ლეგიტიმაცია აქვთ, გადაკეტონ გზა, კი ბატონო, უბრალოდ არა სხვა ადამიანების უფლებების ხარჯზე, თორემ ნებისმიერი პროტესტი მისაღებია
ჩვენ თუ ვხედავთ ადამიანების საკმარის რაოდენობას, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული უფლება, გადაკეტონ, როგორც საფეხმავლო ადგილი, ასევე სატრანსპორტო სავალი ნაწილი, მაგრამ ასეთი რაოდენობა თუ არ არის, ადამიანთა მცირე ჯგუფს ასეთი ლეგიტიმაცია არ აქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
იოსელიანს თამთა სანიკიძემ კითხვა დაუსვა – „ქმნის თუ არა პრობლემას სახალხო დამცველისთვის „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ჩანაწერები და რამდენად თავსებადია ეს საერთაშორისო პრაქტიკასთან, რადგან მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენების ფონზე ცალკეულ უფლებადამცველი ორგანიზაციების, თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ისმის კრიტიკა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან და ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვლილ და გამკაცრებულ კანონმდებლობასთან მიმართებით?“
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ცვლილებები ორ ეტაპად განხორციელდა, ორივე შემთხვევაში მის მიერ ცვლილებების პაკეტი გაიგზავნა ეუთო/ოდირ-ში და მათი მხრიდან ცვლილებები ორივე შემთხვევაში ნეგატიურად შეფასდა.
„იქ მთელი რიგი დასაბუთებაა, რატომ ზღუდავს ეს ცვლილებები ადამიანის უფლებებს ცალკეული მიმართულებებით“, – განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს ვერაფერი უნდა შეეხოს, მეორე საკითხია, როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო, ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და აღასრულოს ის კანონი, რომელიც მიიღეს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მარტო საერთაშორისო პრაქტიკასთან მოდის შესაბამისობაში, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებებთან, რაც მთავარია, საღ აზრთან და ლოგიკასთან მოდის შესაბამისობაში. ერთ მხარეს როდესაც არის გამოხატვის თავისუფლების უფლება, რაც არ არის აბსოლუტური უფლება, მეორე მხარეს არის სხვა უფლებები, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია. ეს გამოხატვის უფლება თუ შესაძლებელია, რეალიზდეს კონკრეტულ ადგილას, მაგალითად, მცირე ჯგუფის მიერ არ შეიძლება, სავალი ნაწილი მთლიანად გადაიკეტოს, რასაც ვადევნებდით თვალს რამდენიმე თვის განმავლობაში. ამაზე ძალიან დიდი კრიტიკა დავიმსახურე.
ადამიანთა რაოდენობა როდესაც არის, მათ სრული ლეგიტიმაცია აქვთ, გადაკეტონ საფეხმავლო და სატრანსპორტო გზა. ისინი ფიქრობენ მათი არგუმენტით, რომ ეს არის პროტესტის გამოხატვის ფორმა. კი ბატონო, უბრალოდ, ეს სხვა ადამიანების უფლებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, თორემ ნებისმიერი პროტესტი მისაღებია. ეს არ უნდა მოხდეს სხვა ადამიანების უფლებების შემცირების, შელახვის ხარჯზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოხატვის თავისუფლების ნაწილზე, მნიშვნელოვანია ის პროპორციულობა, რომელიც სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“, – განაცხადა იოსელიანმა.