ვიკა ფილფანი - არაკონსტიტუციურია, ვიღაცამ გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია თუ არა პროტესტის ჩატარება ამა და ამ ადგილას, ეს ვიღაც იმ მთავრობის წარმომადგენელია, რომლის მიმართაც არის პროტესტი
ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არ არის პირველი კანონი, რომელიც მძაფრად ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ფილფანის თქმით, ალბათ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული ყველაზე მძიმე კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ეხება ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, კანონით მოქალაქეებს ხომ არ უუქმდებათ აქციის ჩატარების უფლება და, უბრალოდ, უჩნდებათ ვალდებულება, რომ აქცია თუ გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილზე, მათ უნდა გააფრთხილონ შესაბამისი უწყებები, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ ეს ისედაც წერია საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ არის ასევე ჩანაწერი, რომ გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს აქვთ უფლება, სპონტანურად და დაუყოვნებლივ გამოხატონ თავიანთი პროტესტი.
„დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ პროტესტის გამომხატველთა რაოდენობა თუ ბევრი იქნება, მაშინ, შესაძლოა, მისცენ მათ უფლება, იდგნენ თუნდაც სავალ ნაწილზე, ხოლო თუ ბევრი არ იქნება, მაშინ, შესაძლოა, მათი იქ ყოფნა შეიზღუდოს. სიტყვა ბევრი არის ძალიან სუბიექტური ცნება, რადგან ლოგიკურად რომ შევხედოთ, პროტესტს გამოხატავენ ძირითადად ადამიანები მმართველი ხელისუფლების მიმართ და ამ დროს არიან თუ არა ისინი საკმარისი რაოდენობით და აქვთ თუ არა მათ უფლება ამ მანიფესტის გამოსახატად, მათ ეს უნდა გადაუწყვიტონ იმ პირებმა, რომლებიც იმართებიან ხელისუფლებისგან, ამ შემთხვევაში ეს არის შს სამინისტრო“, – განაცხადა ფილფანმა.
შეკითხვაზე, უკავშირებს თუ არა მესამე ცვლილებას ცალსახად მიმდინარე პროტესტს, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ ეს ცალსახად ასეა.
„დიახ, რა თქმა უნდა, ეს ახლა გამოიწვია მიმდინარე პროტესტმა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ყველა კანონპროექტი, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გამოიწვია მიმდინარე პროტესტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან შეაწუხა „ქართული ოცნება“. უბრალოდ, მგონია, რომ საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვან, როცა პროტესტი არსებობს, როგორც არ უნდა მიუდგე ამ პროტესტს, იმ პროტესტს ვერ გააქრობ. ადამიანებში ეს პროტესტი ვერ გაქრება, ვიდრე ის პრობლემა არ მოგვარდება, რა პრობლემამაც გამოიწვია ეს პროტესტი“, – განაცხადა ფილფანმა.
მისი თქმით, კანონში ასევე არის ჩანაწერი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი თუ ხალხის რაოდენობას საკმარისად ჩათვლის, ამ შემთხვევაში მათ, შეიძლება, ჰქონდეთ ნება, რომ იქ ჩაატარონ პროტესტი ან, შეიძლება, შსს-ს წარმომადგენელმა შეუცვალოს მათ ადგილმდებარეობა და პროტესტის ჩატარების დრო.
„აქედან გამომდინარე არის სწორედ არაკონსტიტუციური. ადამიანი პროტესტის გამოხატვის თავისუფლებაში უნდა იყოს თავისუფალი, მისი გამოხატვის დროსა და ადგილში. პროტესტი ხომ რეალურად ეგ არის? შენ თუ მეტყვი, მოდი, პროტესტი მომავალ წელს ამ დროს გამოხატე თბილისის გასასვლელთან, ეს აღარ არის პროტესტი. ზუსტად ეს ხდის ამას არაკონსტიტუციურს, რომ ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა ამ პროტესტის ჩატარება მიზანშეწონილი ამა და ამ ადგილას და ამა და ამ დროს. ეს ვიღაც ვინ არის და რამდენად არის ობიექტური? ეს არის პრობლემა. ეს ვიღაც არის ზუსტად იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც აქვს მოსახლეობას პროტესტი. ზუსტად ეს ორი რაღაც ვერ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში“, – განაცხადა ფილფანმა.