სკოტ ბესენტი - აქციაზე როცა ხედავ 300 ადამიანს ერთნაირი ლაზერით, ე.ი. ვიღაცამ ეს ლაზერები შეიძინა, ჩვენ ამ ფულს მივყვებით ზუსტად ისე, როგორც მაფიასა და ნარკოკარტელებთან მიმართებით ვაკეთებთ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გეგმამ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების შემოწმების გააძლიერებაზე, არ უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დაამტკიცონ, რომ თანხები სოციალური მომსახურების გადახდებიდან არ მოდის, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტის თქმით, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქსელი (FinCEN) მინესოტაში ფედერალური სოციალური დახმარების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ფინანსური მომსახურების ზოგიერთი კომპანიის საქმეს იძიებს, ხოლო ზოგიერთ ბანკს შემოსავლების სამსახური ფულის გათეთრების სავარაუდო ბრალდებით შეამოწმებს.
ამასთან, აღნიშნულმა ქსელმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომელიც ამკაცრებს ბანკებისა და ფულადი გზავნილების გადამცემების კონტროლს მინესოტის შტატის ჰენეპინისა და რამსის ოლქებში. ბრძანება ფირმებისგან მოითხოვს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის ფარგლებს გარეთ გადარიცხული თანხების შესახებ, მათ შორის ანგარიშების წარდგენას 3 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ტრანზაქციების შესახებ.
კითხვაზე, მოახდენს თუ არა ეს შემაფერხებელ გავლენას მიგრანტების მიერ საზღვარგარეთ ოჯახებისთვის განხორციელებულ ლეგიტიმურ ფულად გზავნილებზე, ბესენტმა უპასუხა: „არა, ასე არ უნდა იყოს. ყველას, ვისაც შეუძლია, დაამტკიცოს, საიდან მოდის ეს ფული… შეუძლია ამის გაკეთება“.
ბესენტის თქმით, შეერთებულ შტატებში ლეგალურად მყოფი ადამიანებისგან გადახდები, როგორც წესი, რეგულირებადი საბანკო სისტემის მეშვეობით ირიცხებოდა.
ამასთან, მინესოტაში განვითარებულ მოველენებთან დაკავშირებით შეკითხვაზე, „იძებს თუ არა ფინანსთა სამინისტრო არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მემარცხენეების შავი ფულით ფინანსდებიან და ორგანიზებას უწევენ ან ახალისებენ კრიმინალურ საქმიანობას, კრიმინალურ პროტესტს და ფედერალური ოფიცრებისთვის ხელის შეშლას“, ბესენტმა უპასუხა:
„დიახ. ეს ჯგუფები ჩართული არიან ამაში. ეს ჯგუფები ნამდვილად არიან ჩართული ამ ქმედებებში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უფლებამოსილება და ვიკვლევთ მათ, რადგან როცა ხედავ ასეთ „პროტესტებს“, ვიღაც მათ აფინანსებს. არსებობს უსაფრთხო ადგილები, სადაც აქტივისტები იკრიბებიან და როცა ხედავ 300 ადამიანს ერთნაირი ლაზერებით, რომლებსაც პორტლენდში სასამართლო შენობებში შიდა უსაფრთხოების აგენტების დასაბრმავებლად იყენებენ, ე.ი. ვიღაცამ ეს ლაზერები შეიძინა. ჩვენ ფულს მივყვებით და თვალყურს ვადევნებთ ზუსტად ისე, როგორც ამას მაფიასა და ნარკოკარტელებთან მიმართებით ვაკეთებთ. ჩვენ გავარკვევთ, ვინ დგას ამის უკან. დღეს გამოვაცხადე, რომ ამოქმედდება ინფორმატორთა პროგრამა და ჩემი განცდაა, რომ „ვირთხები“ ერთმანეთს დაასმენენ“, – განაცხდა სკოტ ბესენტმა.