მარინე ჩიტაშვილი - განათლების პოლიტიკა მინისტრების ცვლასთან ერთად არანაირად არ იცვლება
მარინე ჩიტაშვილი - განათლების პოლიტიკა მინისტრების ცვლასთან ერთად არანაირად არ იცვლება

განათლების პოლიტიკა მინისტრების ცვლასთან ერთად არანაირად არ იცვლება, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„პოლიტიკა განსაზღვრული იყო მაშინ, როდესაც რეფორმა პირველად გაკეთდა. ეს იყო განათლების ახალი კანონის მიღება და ეროვნული გამოცდების შემოღება. ვგულისხმობ კახა ლომაიას. მის შემდეგ, პოლიტიკის რეალური ცვლილება არ ყოფილა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად, რადგან ის, რაც კახა ლომაიას დროს გაკეთდა, გამოცდების ერთიანი სისტემის დანერგვა, ძალიან პროგრესული ნაბიჯია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამ ხარისხის რეფორმა მის შემდეგ აღარ გატარებულა“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

ამ განცხადებით მარინე ჩიტაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ხდება ისე, რომ განათლებასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმა არ არსებობს, განათლების პოლიტიკა მინისტრების ცვლასთან ერთად იცვლება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფოსთვის განათლება პრიორიტეტი არ არის.

მისი თქმით, არ შეცვლილა და დღესაც არ გვაქვს მასწავლებელთა მომზადების უმაღლესი განათლება, ანუ ის, რასაც კარგი მასწავლებელი ჰქვია.

„სკოლაში არაფერი არ მოხდება, თუ კარგი მასწავლებელი არ იქნა. მთავრობა მასწავლებელთა მიმართ სოციალურ პოლიტიკას ახორციელებს და ისინი ფაქტობრივად, პოლიტიკური სპეკულაციის ობიექტები არიან. ეს არის სოციალური ჯგუფი, ანუ სიმრავლე, რომელსაც რომელი პოლიტიკური პარტიაც მოდის, იმდენი დაპირებებით აქეთ-იქით ექაჩებიან. თურმე, ნუ იტყვით და, ცუდ მასწავლებელს არ უნდა შევეხოთ, რადგან ის ცოდოა. ჩემი კითხვაა, კი მაგრამ, სკოლაში რომ 6 წლის ბავშვი მიდის და 18 წლისა ამთავრებს, იმ ცუდი მასწავლებლის გამო ამ 12 წელიწადს არ ართმევთ?!“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

როგორც მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა, განათლება კიდევ უფრო მძიმე სექტორია, ვიდრე ჯანდაცვა, რადგან ჯანდაცვაში შედეგი სწრაფად ჩანს, განათლებაში კი, ეს გრძელვადიანია და ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა მომხდარიყო.

„ჩვენ ვლაპარაკობთ განვითარებაზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანური რესურსის განვითარებაზე არავინ ლაპარაკობს“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის განათლების სისტემის მთავარი პრობლემა, მარინე ჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის განათლებაში კარგი მასწავლებლის არარსებობა, მეცნიერებაში ინფრასტრუქტურის არარსებობა და კვლევებისა და ინოვაციების განვითარების არარსებობა.