მარინა კალიურანდი - ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ
მარინა კალიურანდი - ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ

რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა გახდა იმედი და გარანტია გადარჩენისა და დამოუკიდებლობის ზოგიერთი ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორისთვის, ჩვენი ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

ამასთან, კალიურანდის თქმით, ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას.

„გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს ასე იყო 2004 წელსაც, როდესაც ჩემი ქვეყანა, ესტონეთი შევიდა ევროკავშირში. ეს უფრო მეტად არის საჭირო დღეს, როდესაც რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროკავშირის წევრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი წევრისთვის გახდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობის იმედი და გარანტია. ჩვენი პოლიტიკური, მორალური ვალდებულებაა, არ ვუღალატოთ ქვეყნებს, რომლებიც საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების დაბლა დაწევას. პირიქით, კოპენჰაგენის კრიტერიუმები იყო და უნდა დარჩეს ევროკავშირის გაფართოების კრიტერიუმებად, მაგრამ არის ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი გადასადგმელია. მათ შორის, გაფართოების პოლიტიკის ყოვლისმომცველი გარდაქმნა, არსებული ჩიხისა და „გაფართოებით დაღლილობის“ გადალახვა. სწორედ ასეთ შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განგრძობადობას, თანმიმდევრულობასა და სანდოობას“, – აღნიშნა კალიურანდმა.