პედრო სანჩესი - ბოსნია-ჰერცეგოვინას სჭირდება მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს, ევროკავშირში საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლოდვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაწევრიანდეს
პედრო სანჩესი - ბოსნია-ჰერცეგოვინას სჭირდება მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს, ევროკავშირში საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლოდვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაწევრიანდეს

ბოსნია-ჰერცეგოვინას სჭირდება მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს, ევროკავშირში საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლოდვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაწევრიანდეს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

სანჩესის თქმით, ესპანეთის პოზიცია ცნობილია და მისი ქვეყანა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.

„ესპანეთის პოზიცია მტკიცეა, ის საჯაროა და ის ცნობილია. ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს გაფართოებას. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა, სოლიდარობა და ემპათია, რათა შეძლოს წინსვლა რეფორმების კუთხით, რაც მას საშუალებას მისცემს, ევროკავშირში საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლოდვასა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანასთან ერთად გაწევრიანდეს. ეს მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე უნიკალური და ერთიანი ევროპული პროიექტის გაძლიერების კუთხით“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დღეს დაიწყო. შეხვედრაზე მაღალჩინოსნები უკრაინის მხარდაჭერის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, მიგრაციას, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხებს. სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც ესწრება.