მარინა კალიურანდი - მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორად დანიშვნას გამოეხმაურა.
„მეამაყება ჩემი წარდგენა და მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან“, – ნათქვამია კალიურანდის ტვიტერის გვერდზე.
ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორებად ევროდეპუტატები მირიამ ლექსმანი და მარინა კალიურანდი დანიშნა.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში ე.წ. ჟან მონეს დიალოგის დაწყებას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.
„ჟან მონეს დიალოგი“ ევროპარლამენტის მიერ მშვიდობისა და დემოკრატიისათვის შემუშავებული ინსტრუმენტია, რომელიც საპარლამენტო მედიაციასა და დიალოგს აერთიანებს.
აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური ლიდერების დიალოგს, რათა მათ კონსენსუსს მიაღწიონ ეროვნული პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ევროპარლამენტმა „ჟან მონეს დიალოგის“ მეთოდი პირველად 2016 წელს, უკრაინის რადასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამოიყენა.