ირაკლი კობახიძე - მარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ, ვერ გვეტყვის
ირაკლი კობახიძე - მარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ, ვერ გვეტყვის

მარინა კალიურანდმა გვითხრას კონკრეტული მაგალითი, სადაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო და არ გავაკეთეთ, ვერ გვეტყვის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს: „მარინა კალიურანდმა გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია, ყურადღებას ამახვილებს პოლიტპატიმრებზე, დეოლიგარქიზაციაზე, დეპოლარიზაციაზე. მისი განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, რადგან ტექსტი არ წაუკითხავს.

„რეალურად, საზოგადოებამ იცის, როგორ სრულდება თითოეული პუნქტი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ბუნებრივია, დეპოლარიზაცია ძალიან რთული საკითხია და აქ ორმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს. მოვკითხოთ რადიკალურ ოპოზიციას, რატომ არ ამცირებენ ისინი საკუთარ რადიკალურ რიტორიკას, ქმედებებს და ა.შ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი იქნება მიღებული, დეოლიგარქიზაციის პრობლემა დარჩება ძალაში, რადგან კაცი არის კრიმინალი, ცხოვრობს საზღვარგარეთ, აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში, ძარცვავს ევროპელ პენსიონრებს, მაგრამ მაინც აფინანსებს საქართველოში ტელევიზიებს და „ენჯეოებს“. რამდენად უშველის ამ პრობლემას თუნდაც ამ კანონის მიღება, არ ვიცი, რადგან კაცი კრიმინალია და მაინც აქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში. არის რაღაც საკითხები, სადაც კანონი საქმეს არ შველის. ამ კუთხით, ბუნებრივია, პრობლემას თვალებში უნდა ჩავხედოთ, მაგრამ რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს მიღებული კანონები. რაღაცებზე მუშაობა ივნისის ბოლომდე დასრულდება, ავირჩიეთ თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, სადაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, იქ თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდა ან შესრულდება ივნისის ბოლომდე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რომ „კალიურანდმა კონკრეტულად თქვა, რომ არ არის შესრულებული ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე“, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ეს ცალკე თემაა“.

„ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები გვეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, რადგან ხშირად ხდება ევროპარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც, რეალურად, არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და არის სრულიად უსამართლო.

ევროპარლამენტის რეზოლუცია, როდესაც ითხოვს, ერთის მხრივ, სააკაშვილისა და გვარამიას, ორი კრიმინალის გათავისუფლებას და, მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დასჯას, ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება ასეთ რეზოლუციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება განმსაზღვრელი ევროპარლამენტის რეზოლუციები. ჩვენთვის განმსაზღვრელია 12 პუნქტი და ის კანონები, რომლებიც იყო მისაღები. ჩვენ ყველა მიმართულებით განვახორციელეთ რეფორმები. მუშაობა სრულდება ივნისის ბოლომდე. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ნებაა, არამედ ეს ნება არის სათანადო ქმედებებში გამოხატული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.