მარინა კალიურანდი - როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ციდან არ მოგვაქვს, ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ
მარინა კალიურანდი - როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ციდან არ მოგვაქვს, ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ

როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები ევროპარლამენტის წევრების მიმართ, ეს ციდან არ მოგვაქვს, არის კონკრეტული განცხადებები თქვენი ლიდერშიპისგან, რომელსაც ვიღებთ აქ, ბრიუსელში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კალიურანდმა აღნიშნული განცხადებით ქართველ დეპუტატებს უპასუხა.

„როდესაც ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი თქვენი პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ მისცა 20 მარტს, სადაც ის ამბობდა, ვციტირებ: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს უნდა მიხედოს. რატომ გვკარნახობენ, რა უნდა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიონ“. ეს საქართველოს პრემიერის სიტყვებია. თუ გსურთ, ორი ფურცელი მაქვს ციტირებების და სიამოვნებით გავაგრძელებ, გნებავთ ყველა ციტატის მოსმენა? და როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ბრალდებები ევროპარლამენტის წევრების მიმართ, ბრალდებები საპარლამენტო ფრაქციების მიმართ და სხვა ევროპული ინსტიტუტების მიმართ, ეს ციდან არ მოგვაქვს. არის კონკრეტული განცხადებები თქვენი ლიდერშიპისგან, რომელიც გვესმის და რომელსაც ვიღებთ აქ, ბრიუსელში. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ, თუ დღევანდელ დებატებს საქართველოში პოლარიზაციისკენ მივყავართ, ჩემი რჩევა იქნებოდა – სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ“, – განაცხადა კალიურანდმა.