მარინა კალიურანდი - ხელისუფლებსაც და ოპოზიციასაც აქვთ საკუთარი ვალდებულებები, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის
მარინა კალიურანდი - ხელისუფლებსაც და ოპოზიციასაც აქვთ საკუთარი ვალდებულებები, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის

17 სექტემბერს ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიში დაამტკიცა. რეზოლუცია 36 პუნქტს მოიცავს და მასში შეფასებულია, როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმულია კრიტიკა რიგ სფეროებში.

ამ დოკუმენტის შესახებ საქართველოს პირველი არხი ესტონელ ევროდეპუტატს, ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მარინა კალიურანდს ესაუბრა.

– თქვენი აზრით, რომელი საკითხებია ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი, რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგან ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების შეთანხმების შესრულების დასაჩქარებლად?

ასოცირების შეთანხმების შესრულებას პერიოდულად განვიხილავთ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში ხვდება, იმართება დისკუსია. გადამწყვეტია, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებიც პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩებოდნენ. შესაბამისად, თავისთავად ფაქტი, რომ პლენარულ სესიაზე განხილვა შედგა, სიტყვით გამოვიდნენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, ასევე ყველა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატი და ანგარიში დამტკიცდა, უკვე დიდი მიღწევაა. მიღწევაა, რომ ევროპარლამენტი საქართველოსადმი სოლიდარობასა და მხარდაჭერაში ერთიანია. ცხადია, იყო მოსაზრებები, რაც ევროპარლამენტარების უმრავლესობის მოსაზრებას არ ემთხვეოდა, მაგრამ ყველა პარლამენტში ასეა. ეს დემოკრატიაა და არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დიდი პოლიტიკური ჯგუფები ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპარლამენტარების 99 პროცენტი საქართველოს მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. ქართველმა ხალხმა სათქმელი უკვე თქვა. ქართველების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირს. საქართველოში ეს მხარდაჭერა იმდენად მაღალია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას უნდა შეშურდეს კიდეც. თქვენს ხალხს სურს დემოკრატიული რეფორმები და ევროპული ინტეგრაცია. ჩვენი, ევროპელების ამოცანაა, დაგეხმაროთ ამ გზაზე. სწორედ ამიტომ, პლენარულ სესიაზე პირველ რიგში დავადასტურე საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა.

ახლა დავუბრუნდეთ ანგარიშს. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის საუკეთესოა. რეფორმების გზა იოლი არ ყოფილა. მე ესტონელი ვარ და ალბათ ეს უკეთ მესმის, ვიდრე ჩემს დასავლეთ ევროპელ კოლეგებს, რადგან ჩვენ საერთო წარსული გვაქვს. ჩვენ ერთნაირ პოზიციაში ვიყავით, რაც ჩვენი ნება და არჩევენი არ ყოფილა. ესტონეთმა გაიარა ის რეფორმები, რომელსაც ახლა საქართველო გადის. მე საქართველოში გატარებულ რეფორმებს საგარეო საქმეთა მინისტრად და რუსეთში ესტონეთის ელჩად სამსახურის დროსაც ვუჭერდი მხარს. ევროპარლამენტში მივესალმებით საქართველოს რეფორმებს, მაგრამ, როგორც ახლო მოკავშირეებს, გვსურს, ვისაუბროთ გამოწვევებზეც. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და გაუმჯობესება საჭიროა ბევრ სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, უმცირესობების უფლებების კუთხით, გარემოსდაცვით კანონმდებლობაში და ა.შ. ცოტა ხნის წინ პროგრესს მიაღწიეთ შრომით კანონმდებლობაში. ასე რომ, არსებობს სფეროები, სადაც წინსვლა შესაძლებელია. ასევე ამაყი ვარ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ქალებისთვის კვოტების შემოღებით პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს. ესტონეთში კვოტები არ არის, საქართველოში – კი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და გილოცავთ. აქვე შევეხები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ეს გადამწყვეტი არჩევნები იქნება. ვიცი, ასე ყველა არჩევნების წინ ამბობენ, მაგრამ თუ გადავხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ზოგადად გლობალურ პოლიტიკურ ვითარებას, მაშინ ცხადი ხდება, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია და საქართველოს მომავალს მრავალი წლით განსაზღვრავს. ეს არჩევნები უნდა იყოს მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მმართველ პარტიას არ მივმართავ, ეს ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიას. ვიცი, 66 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული. ეს ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი რიცხვია. ჩემი გზავნილი განკუთვნილია 66-ივე პარტიისადმი და განსაკუთრებით კი, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიების მიმართ. მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გარანტირებული იყოს. რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იყო, რომ გასულ შემოდგომას საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმა არ იყო მიღებული. მესმის, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტი ძალზედ პოლარიზებული იყო. ჩვენ გვქონდა საპარალამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა, სადაც ვერ მივიღეთ ანგარიში. ეს იყო რთული პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ, მე მივესალმები 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ გააფორმეს. ასევე, მოგილოცავთ საკონსტიტუციო რეფორმას. საკანონმდებლო საფუძველი უკვე არსებობს, დადგა აღსრულების დრო. და ბოლოს, საქართველომ მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები და ამას ვაფასებთ. ვიცი, რომ ეუთო და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლები ჩავლენ საქართველოში. მოწვევა მივიღეთ ევროპარლამენტშიც, თუმცა პასუხი ჯერ არ ვიცი. ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია და აქტიურად განიხილება. დაბრკოლებას მხოლოდ „კოვიდ-19“-ის პანდემია ქმნის, რომლის გამოც დაწესებულია შეზღუდვები და ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ყველა საარჩევნო მისია აკრძალა. თუმცა, კიდევ რამდენიმე კვირა გვრჩება და იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტის მისია გაემგზავრება საქართველოში.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ სესიაზე გამოსვლისას ახსენეთ ოპოზიცია და განსაკუთრებით მათ მოუწოდეთ, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად? რატომ გააკეთეთ აქცენტი ოპოზიციაზე?

იმედგაცრუება იყო იმის ხილვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმების მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ვერ მოგროვდა იმდენი ხმა, რამდენიც პირველ რაუნდში. ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიციას დიდი ძალა აქვს, რათა ეს არჩევნები გახადოს მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი. მე არ მინდა მხოლოდ მმართველი პარტიის დადანაშაულება. მათ ისედაც ვესაუბრები, მაგრამ ეს ყველა პოლიტიკური პარტიის მორალური და ეთიკური ვალდებულებაა, მათ შორის, ოპოზიციის. სწორედ ამიტომ ვახსენე ჩემს გამოსვლაში სპეციფიკურად ოპოზიცია. საქართველოში დღეს არის პოლარიზაცია, მაგრამ 31 ოქტომბრამდე კიდევ ექვსი-შვიდი კვირა რჩება. ამიტომ, ოპოზიციას აქვს საკუთარი როლი ამ პროცესში, რათა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რომ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე მივიდეთ. ცხადია, იგივე ითქმის მმართველ პარტიაზეც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თავისუფალი მედია. მნიშვნელოვანია, ყველას თანაბრად ჰქონდეს წვდომა მედიასთან. ორივე მხარეს აქვს საკუთარი ვალდებულება, მაგრამ მხოლოდ ერთ მხარეს ვერ მოვუწოდებ ან დავადანაშაულებ. ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის.

– ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიშის საკუთარ ინტერესებით ინტერპრეტაციას ცდილობენ. თქვენი აზრით, რომელ მხარეს მოუტანა ამ ანგარიშმა მეტი სარგებელი?

პოლიტიკოსები მუდამ ცდილობენ სხვადასხვა პოლიტიკური დოკუმენტების ინტერპრეტირებას საკუთარ ინტერესებში. ეს ანგარიში მოამზადა ჩემმა კარგმა კოლეგამ, სვენ მიქსერმა, რომელიც ასევე ესტონელი გახლავთ, ჩვენ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენთ და ის ასევე გახლავთ ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. მე მივულოცე სვენს, რადგან ეს ძალიან დაბალანსებული ანგარიშია. პარლამენტში ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებსაც ელექტორატი დღეს და ხვალ აიტაცებს, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ უფრო ფართო სურათს. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს და გვინდა, ვიყოთ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, უნდა გვახსოვდეს უფრო ფართო სურათი და ეს არის ქართველი ხალხის, ერის ევროპული მისწრაფება. ერთადერთი, ვინც ამ ანგარიშით სარგებელი მიიღო, არის ქართველი ხალხი. ეს ანგარიში მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ მისწრაფებებში. ეს ანგარიში აღიარებს რეფორმებს, რადგან არავის შეუძლია რეფორმების გატარება ხალხის გარეშე. ამ რეფორმებისთვის ხალხი იხდის. ხალხს უნდა ესმოდეს, რატომ არის კარგი რეფორმები. რეფორმებს ევროკავშირისა და ევროპარლამენტისთვის არ ატარებენ. რეფორმები საჭიროა, რათა საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ასე რომ, გამარჯვებული არის ქართველი ხალხი.

– ანგარიშში ნახსენებია 8 მარტის შეთანხმება და ვკითხულობთ, ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ეს შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს? თქვენი აზრით, ამ შეთანხმების რომელი ნაწილი არ შესრულდა?

ეს შეთანხმება შეეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ამავე დრო ეხებოდა არჩევნების ჩატარებას. მე ვიტყოდი, რომ შეთანხმება მაშინ შესრულდება, როდესაც არჩევნები შედგება და საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნებს შეაფასებს სამართლიან, მშვიდობიან და თავისუფალ არჩევნებად. ჩემთვის ეს იქნება 8 მარტის შეთანხმების შესრულების ბოლო ეტაპი

– 2020 წლის არჩევნები გამოწვევებით აღსავსე პერიოდში იმართება. მათ შორის ერთ-ერთი არის „კოვიდ-19“-ის პანდემია, მაგრამ ასევე არის რუსეთის ზეგავლენის საკითხი. როგორ შეუძლია ევროკავშირს, დაეხმაროს საქართველოს ამ პრობლემის დაძლევაში?

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს  მთავრობამ პანდემიის დროს სამაგალითო სამუშაო შეასრულა. ვიცი, რომ ბოლო დღეებში შემთხვევების რაოდენობა იზრდება. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კრიზისი არ იყო გამოყენებული სამოქალაქო უფლებებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ვიხილეთ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანაში. საქართველოს ეს არ გაუკეთებია, რაც აღიარების ღირსია. მე გახლდით რუსეთში ესტონეთის ელჩი 2007 წელს, რუსეთის მიერ ესტონეთზე მიტანილი კიბერიერიშებისა და 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ამიტომ რუსეთის მიმართ მიამიტი არ გახლავართ. ამ ქვეყანაში ვიმსახურე და ბევრზე უკეთ ვიცნობ რუსეთს. რუსეთმა გამოიყენა თავისი გავლენა, რბილი ძალა და ზოგჯერ სამხედრო ძალაც, რათა ორი ქვეყანა ერთამანეთთან დაეპირისპირებინა. ის ახლაც ანალოგიურად ექცევა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს. კიდევ ერთი საკითხია რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება. ამ ტაქტიკას რუსეთი ესტონეთის მიმართ 1991 წლიდან იყენებს, მას შემდეგ, რაც ესტონეთმა დამოუკიდებლობა აღიდგინა. დეზინფორმაციული კამპანიები მუდმივად გრძელდებოდა. ისინი ცდილობენ ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევას, ცდილობენ, შექმნან პრობლემები ესტონეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ანალოგიურად იქცევა დღეს სხვა ქვეყნებშიც. ევროკავშირის და საქართველოს ერთად ძალიან ბევრი შეუძლიათ. ხუთი წლის წინ ევროკავშირმა დააფუძნა „აღმოსავლეთ სტრატკომი“. პროექტში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ჩაერთო. მათ შორის იყო ესტონეთიც. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ შედეგებს. მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წყაროების დადგენა. ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეების განათლება, რომ მათ იცოდნენ როგორც უნდა გაეცნონ ახალ ამბებს და არ იყვნენ ზედმეტად მიამიტი. ჩვენ ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ვართ და უკეთესი ინტუიცია გვაქვს. ჩვენ უკეთესად შეგვიძლია, ამოვიცნოთ ყალბი ამბავი. აქ ბრიუსელში, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიულ სახელმწიფოებში გაიზარდნენ, ვხვდები, რომ ისინი არ არიან ისეთი გამჭრიახები და მათ არ შეუძლიათ, ჩვენსავით იოლად ამოიცნონ დეზინფორმაცია.

– დაბოლოს, რას ელოდებიან ევროკავშირში 2020 წლის არჩევნებისგან?

ჩვენ ველოდებით მშვიდობიან, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, რომელსაც აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. თუ ასე იქნება, მაშინ არჩევნების შედეგი აუცილებლად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ასევე მსურს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნაკლებად პოლარიზებული და მშვიდობიანი. მესმის, რომ კამპანიები ხანდახან ძალიან მძაფრია. ეს ყველა ქვეყანაში ხდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა ჩატარდეს თავისუფალი, მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები.