მარინა კალიურანდი - ევროკავშირი ხშირად სათანადოდ ვერ წარმოაჩენს სიკეთეს, რომელსაც აკეთებს
მარინა კალიურანდი - ევროკავშირი ხშირად სათანადოდ ვერ წარმოაჩენს სიკეთეს, რომელსაც აკეთებს

ევროკავშირი ხშირად სათანადოდ ვერ წარმოაჩენს სიკეთეს, რომელსაც აკეთებს, ამაში რუსეთი უფრო დახელოვნებულია, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

„ევროკავშირი ხშირად სათანადოდ ვერ წარმოაჩენს სიკეთეს, რომელსაც აკეთებს, ამაში რუსეთი უფრო დახელოვნებულია. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ესტონეთი მუდმივად იყო რუსეთის საინფორმაციო გავლენის ქვეშ. ასე რომ, ის, რაც დღეს ხდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ჩემთვის ნაცნობია და იგივე ხდებოდა ესტონეთშიც. ამბობდნენ, ესტონეთი არის პატარა ნაცისტური ქვეყანა, რომელსაც ეზიზღება რუსეთი, რომ ჩვენ არ ვართ შესაფერისი ნატო-ს წევრობისთვის, ევროკავშირში მხოლოდ პრობლემებს გამოვიწვევთ და ევროკავშირში ჩვენი მიღება არავის სურს. ამას ვისმენდით წლების განმავლობაში. ჩემი აზრით, საქართველომ უკვე გადალახა ეს ზღვარი და უკან წასასვლელი გზა აღარ არის. იმედი მაქვს, ეს ასეა“, – განაცხადა კალიურანდმა.

მისივე თქმით, ევროპასთან ინტეგრაცია არის ქართული არჩევანი და თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მათი მომავალი, რა ორგანიზაციებსა თუ ალიანსში გაწევრიანდნენ.

„ევროპასთან ინტეგრაცია არის ქართული არჩევანი. ევროპარლამენტში ვარ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერი. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, გადაწყვიტოს, როგორი უნდა იყოს მათი მომავალი და რა ორგანიზაციებსა თუ ალიანსში გაწევრიანდნენ. თუმცა, უნდა ვიყოთ რეალისტები. საქართველოს სჭირდება რეფორმები. ასევე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველო ამას ევროკავშირისთვის კი არ აკეთებს, არამედ ამას აკეთებს ქართველი ხალხისთვის. ეს საჭიროა, რათა მოქალაქეთა აზროვნებაში გადამწყვეტი ცვლილება მოხდეს. ჩვენ ესტონეთში ხალხის მხრიდან ევროკავშირის მიმართ მეტი მხარდაჭერა მოვიპოვეთ მას შემდეგ, რაც ჩვენ ხალხს ავუხსენით, რომ ბრიუსელიდან რეფორმებს  დირექტივების გამო კი არ ვატარებთ, არამედ გვსურს, ვიყოთ დემოკრატიულები, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგის მომტანია, ეს არის მომავალი, საითკენაც უნდა მივისწრაფოდეთ.

ზოგჯერ ევროკავშირი კარგად ვერ ხსნის მის ქმედებებს. რუსეთი ამ საქმეში ხანდახან გაცილებით დახელოვნებულია. ამიტომ ჩვენ ევროკავშირში უფრო გამჭრიახები, მოქნილები და სწრაფები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ წარმოვაჩინოთ სიკეთე, რომელსაც ვაკეთებთ და როგორ უნდა მოვიპოვოთ მეტი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან. ეს საქართველოს ნაკლებად ეხება, რადგან საქართველო ისედაც არის ევროკავშირთან ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. ეს უფრო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრებს ეხებათ“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.