მარინა კალიურანდი - ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ, პატივი ეცით მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის შეფასებას
ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ, პატივი ეცით მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და ოდირის შეფასებას, – ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპარლამენტის წევრმა, მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს ევროპული პარლამენტისა და ევროკავშირის მისიები აკვირდებიან.
„ჩვენ ბრიუსელიდან ევროპული პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვფრინდით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპული პარლამენტი და ევროკავშირი აქ არის. ველოდებით არჩევნების გამართვას. ხვალ გვექნება პირველი ბრიფინგი ევროკავშირის ელჩისგან, ჩვენ უკვე გვაქვს ოდირის წინასწარი ანგარიში. თუმცა, ჩემი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ იქნება, გთხოვთ პატივი სცეთ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებს და პატივი ეცით ოდირის შეფასებას“, – განაცხადა კალიურანდმა.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია შვიდი წევრით იქნება წარმოდგენილი.