მარინა ეზუგბაია - ვიმედოვნებ, სამედიცინო პირები, რომელთა შემთხვევაშიც ინფიცირებიდან ოთხთვიანი პერიოდი არ გასულა, შესაბამის ვადაში აიცრებიან და მოქალაქეებს მაგალითს მისცემენ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ინფექციურში მიმართვიანობა მაღალია.
ეზუგბაია იმედოვნებს, რომ სამედიცინო პირები, რომელთა შემთხვევაშიც ინფიცირებიდან ოთხთვიანი პერიოდი არ გასულა, შესაბამის ვადაში აიცრებიან და მოქალაქეებს მაგალითს მისცემენ.
„ჩვენს ცენტრში პირველი დღიდან კეთდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია. შემიძლია გითხრათ, რომ „ასტრაზენეკათი“ დაახლოებით 4 500 პირია ჩვენთან აცრილი, ანუ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ჩვენს ცენტრში მომართვიანობა ძალიან მაღალია. როდესაც ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის შესახებ, ეს დადებითად მოქმედებს ვაქცინაციის პროცესზე. სამედიცინო პერსონალში ავადობის მაჩვენებელი იყო მაღალი. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალი იყო ინფიცირებული და მათთან არ არის გასული ოთხთვიანი სავალდებულო პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც შესაძლებელია, ჩატარდეს აცრა. იმედი მაქვს, სამედიცინო პირები გააცნობიერებენ თავის მოქალაქეობრივ ვალს და ისინი ამ ოთხთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაიტარებენ ვაქცინაციას და მისცემენ მაგალითს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.