მარინა ეზუგბაია - ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს, ეს ნებაყოფლობით თუ არ მოხდება, ჩემი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია კორორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპის დავარდნა ქვეყნისთვის არაერთი მიმართულებით არის შემაფერხებელი.
მარინა ეზუგბაიამ მოქალაქეებს და განსაკუთრებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდა, აიცრან.
„საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეუწილად შევაკავოთ. დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც. საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად გვექნება ასეთი ტალღები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ვაქცინაცია. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორს ვთხოვო, რადგან ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია. თუ ნებაყოფლობით ეს არ მოხდება, ჩემი პირადი აზრი, სურვილია, რომ მაშინ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სამედიცინო სფეროში, რათა იყოს მაგალითი, როგორ მოხდეს კოვიდინფექციის დამარცხება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.