მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი მძიმე, ხოლო ერთი კრიტიკული პაციენტია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, მათგან ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ერთი პაციენტი კრიტიკულად ფასდება.
„38 შემთხვევაა ამჟამად ჩვენთან დადასტურებული, 29 გაწერილი გვყავს. 38-დან ორი მესამედი მაინც არის ფილტვების ანთებით, პნევმონიით, ექვსი მძიმეა, ერთი კრიტიკული. საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე. ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე, ერთი კრიტიკული. ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. აღებულია ანალიზები, ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, მათი პასუხები დღის ბოლოს იქნება და რაოდენობას, რამდენი დაემატება, დღესზუსტად ვერ გეტვით. ზუსტად ვერ გეტყვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში რამდენი აიღეს. ჩვენს ცენტრში ორი კლინიკიდან მოდის და ამდენად ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით. შეიძლება დაახლოებით ოცი, ზუსტად არ ვიცი.
რა თქმა უნდა ყველას ასაკის პაციენტები არიან, მაგრამ ხანდაზმულები, 60 წელს გადაცილებულები უფრო მეტია, ვიდრე პირველ პერიოდში იყო. დაავადება თავიდან უფრო ახალგაზდებში იყო, ახლა ასაკოვნებში მოიმატა, შესაბამისად სიმძიმემაც უფრო მოიმატა. კრიტიკული პაციენტები არიან და ყოველ წუთში ველოდებით, რომ შეიძლება ჩასართავი გახდეს აპარატზე, მაგრამ ასაკის და კიდევ გვერდითი მოვლენების გამო გარკვეულწილად ვერიდებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მხრივ ეს ერთი დამატებითი დატვირთვა არ დავუმატოთ პაციენტს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.