თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა.

თუმცა, მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ რჩება ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობაც პრობლემურია.

„ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური ორი პაციენტი. ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორე პაციენტთან ჯერჯერობით ვერ ხდება სტაბილიზაცია. დანარჩენი, მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტებთან დაავადების პროგრესირება არ ხდება. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული, მათთანაც დროულად დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში საერთო ჯამში 45 პაციენტია განკურნებული.

„45 პაციენტი არის ინფექციურში გამოჯანრმთელებული. გუშინ დღის მეორე ნახევარში ტესტირებისას ერთი დაგვემატა“, – დასძინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, დღეს კორონავირუსზე ტესტი ოთხ ახალ პაციენტს ჩაუტარდება.

ამასთან ეზუგბაია ამბობს, რომ მათ ცენტრში ინიფიცირებული ექიმი არ ჰყავთ.