მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას მიმდინარე კვირიდან გეგმავს და ამის მიზეზად იმ საკანონმდებლო ვაკუუმს ასახელებს, რომელიც მათი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა.

ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მსგავსად, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალება.

პროექტი არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე ახალგაზრდების მიმართ მკაცრ მიდგომებს განსაზღვრავს, რათა მარიხუანაზე წვდომა მაქსიმალურად შეიზღუდოს. შსს განმარტავს, რომ სწორედ ამ მოტივით, 21 წლამდე ასაკის პირის მიერ რეკრეაციული მიზნით მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დადგება და აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა – 500 ლარიდან 1000 ლარამდე იქნება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

ამასთან, მკაცრი პასუხისმგებლობა განისაზღვრება მარიხუანას მოხმარებისთვის არასრულწლოვნის თანდასწრებით ან არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი 1500 ლარიდან 2000 ლარამდე.

ინიციატივით ასევე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარებისთვის. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, პროექტის ნოვაციას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაწესება დაწესებულების მიერ მცენარე კანაფის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად ზომების მიუღებლობისთვის. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას – მარიხუანას მოხმარება, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პირის მარიხუანას/კანაფის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს ის იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც საქმიანობას ეწევა. პროექტის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა 2000 ლარი იქნება.

რაც შეეხება ნარკოტიკული/ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვას, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.