საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გააუქმა, სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
იურისტების განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ დაადგენს კონკრეტულ ვადას, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გამოცხადების მომენტიდან ძალაშია. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ვადა არ დაუწესებია, დოკუმენტი კი უკვე გამოქვეყნდა ვებგვერდზე.
გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ პირს, რომელთა წინააღმდეგაც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზება არ ნიშნავს ლეგალიზებას
ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ იქნება მარიხუანას მოხმარება, სამართლებრივად არ წარმოადგენს ამ ქმედების ლეგალიზებას, რადგან საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ დაუდგენია რაიმე დამატებითი ვადა და პარლამენტისთვის არ მიუცია ვადები, ეს ზოგადი წესია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე. თვითონ ეს ქმედება, რისი კრიმინალიზებაც გააუქმა სასამართლომ, მოუწესრიგებელი არ რჩება და ამ მარიხუანის მოხმარების საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს“, – აცხადებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე.
შესაძლებელია თუ არა ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც იურისტები აცხადებენ, შესაძლებელი გახდება, მარიხუანას მოხმარების მუხლით გასამართლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნათ. თუმცა, ეს არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და პირმა უნდა მიმართოს თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს.
„მარიხუანას მოხმარების გამო გასამართლებული პირებს შეუძლიათ განაჩენების გადასინჯვა, ასევე მათ შეუძლიათ, ნასამართლობის მოხსნა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა, მათ შორის შრომითი უფლებები და მართვის მოწმობის უფლება. თუმცა, ეს არ ხდება ავტომატურ რეჟიმში და პირმა სააპელაციო სასამართლოს უნდა მიმართოს“, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება იმ პირებსაც, რომელთა სასამართლო პროცესებიც უახლოეს დღეებშია ჩანიშნული, მათ შორის მარიხუანას განმეორებით მოხმარებაზე. შესაბამისად, ამ პირებს მოსამართლე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვეღარ დააკისრებს.
მოხვდება თუ არა მარიხუანას მოხმარების ფაქტი ნარკოლოგიურ ცნობაში
საჯარო სამსახურებში ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა კვლავ ძალაში რჩება.
მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება არ შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის იმ ნორმას, სადაც საუბარია სამსახურში მიღების შემთხვევაში ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაზე.
იურისტების ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლო არ აუქმებს იმ წესს, რომელიც ეხება ნარკოლოგიური ცნობის წარდგენას, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას. ასევე, ეს გადაწყვეტილება არ შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნული ნორმა არ გასაჩივრებულა და სასამართლოს ამ ნორმის არაკონსტიტუციურობა არ დაუდგენია.
გადაწყვეტილება მხოლოდ მარიხუანას მომხმარებლებს ეხება
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ შეეხება მარიხუანას შეძენასა და შენახვას. ამ მიმართულებით სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი ნორმებია ძალაში. 70 გრამამდე გამოშრალი და 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა პატიმრობით აღარ ისჯება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 და 2017 წლების გადაწყვეტილებების თანახმად, თუმცა პატიმრობის გარდა, სხვა სანქციები კანონში კვლავ რჩება.
რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გასაღებას, სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება აღნიშნულ ქმედებაზე არ ვრცელდება.
პარლამენტის როლი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
მას შემდეგ, რაც სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის სანქციები გააუქმა, პარლამენტს სავარაუდოდ მოუწევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ შინაარსის სამართლებრივ ნორმებზე მსჯელობა.
„პარლამენტში დიდი ალბათობით დადგება საჭიროება, ახალი კანონი შეიქმნას, რადგან ამ გადაწყვეტილებით გამორჩენილი საკანონმდებლო ხვრელი უნდა შეივსოს ახალი კანონით, ანუ თუ პარლამენტი თვლის, რომ ადმინისტრაციული წესით მოწესრიგების ფარგლებში სხვა დამატებითი რეგულირება არის საჭირო, სწორედ იმ საკითხზე, რომელიც ეხება მარიხუანას მოხმარებას“, – აცხადებს იურისტი გურამ იმნაძე.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.