მარიამ ლაშხი - საქართველო ვაქცინაციას განიხილავს ეკონომიკური აღდგენის შემადგენელ ნაწილად და გამოთქვამს მზადყოფნას სტანდარტების, რეზოლუციების ევროკავშირთან კიდევ უფრო ჰარმონიზაციისთვის
მარიამ ლაშხი - საქართველო ვაქცინაციას განიხილავს ეკონომიკური აღდგენის შემადგენელ ნაწილად და გამოთქვამს მზადყოფნას სტანდარტების, რეზოლუციების ევროკავშირთან კიდევ უფრო ჰარმონიზაციისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომლის ფარგლებშიც განიხილეს რეზოლუცია სახელწოდებით „კოვიდპასპორტები ან სერტიფიკატები: ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ლეგალური შედეგები“.

მარიამ ლაშხის თქმით, საქართველო ვაქცინაციას განიხილავს ეკონომიკური აღდგენის შემადგენელ ნაწილად და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა წევრმა, მოახდინოს სტანდარტებისა და რეზოლუციების ევროკავშირთან კიდევ უფრო ჰარმონიზაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაქცინაციის პროცესს, ისევე როგორც რეზოლუციას, თუმცა არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. პირველი არის ე.წ. შერჩევითი მკურნალობა, პროპორციული მიდგომა მოითხოვს სამართლიან ბალანსს საზოგადოების ინტერესების დაცვასა და ინდივიდულური პირების უფლებების პატივისცემას შორის, რაც ასევე გახლავთ საერთაშორისო კონვენციაში გაწერილი.

მეორე ნაწილი არის კოვიდსერტიფიკატები და ეს დაკავშირებულია მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან. ამიტომ, აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება, ვიდრე მოხდება იმუნიზაციის პასპორტების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება და ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი ყველა დაინტერესებული მხარე ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. საჭიროა ყურადღება, რათა თავიდან ავირიდოთ არაპირდაპირი დისკრიმინაცია. მაგალითად, კოვიდპასპორტები, რომლებიც მხოლოდ სმარტფონების მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს დისკრიმინაციული სხვა პირების მიმართ, ვინც არ იყენებს სმარტფონებს. მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კოვიდპასპორტები ასევე ხელმისაწვდომი იყოს ქაღალდზეც, რომელიც შესაბამისი ნიშნებით იქნება დაცული გაყალბებისგან. მინდა, გაგაცნოთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ამ კუთხით მიაღწია. ჩვენ შემოვიღეთ უნიკალური საიდენტიფიკაციო ქიუარკოდი. ჩვენ ასევე ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომელიც ანდროიდის სისტემაზე მომუშავე სმარტფონებისთვის უკვე მზადაა და ახლა მიმდინაროებს ამ პროგრამის ტექნიკური შემოწმება. შემდეგ მას დაამტკიცებს პრემიერ- მინისტრის ოფისი. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ორმხრივ და მრავლამხრივ მოლაპარაკებებს, რათა ერთი მხრივ, დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტები და მეორე მხრივ, წინ წავწიოთ ტურისტული პარტნიორობა. აქვე, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს მხარდაჭერას ამ დოკუმენტისადმი“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა, რომელიც ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდა.