არჩილ თალაკვაძე - დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო ათი წლის წინ, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის
არჩილ თალაკვაძე - დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო ათი წლის წინ, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის

მხარს ვუჭერთ რეზოლუციის ტექსტს და მივესალმებით საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გაკეთებულ ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს, ევროსაბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაძლევს დამატებით მოტივაციას დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ანგარიშში ასევე საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისთვისაც საქართველოს მიისწრაფვის.

„ძალზედ სასარგებლოა, რომ რეზოლუციაში ხაზგასმულია ყველა პოლიტიკური პარტიის კონსტრუქციული და ფართო ჩართულობის მნიშვნელობა და მოწოდება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, ყველა მათგანის მონაწილეობით.

საქართველომ დაამტკიცა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების განგრძობითი ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ რეფორმები და განვამტკიცოთ დემოკრატია.

ჩვენ მიერ ბოლო წლებში განხორციელებული სამუშაო მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფა; შრომის ახალი კოდექსის მიღება; გატარდა სასჯელაღსრულების სისტემის წარმატებული რეფორმა და პატიმრების რაოდენობა ორჯერ შემცირდა; მოხდა სტამბულის კონვენციის რატიფიცირება; შშმ პირების უფლებების დასაცავად მივიღეთ ახალი კანონმდებლობა და საქართველო შეუერთდა ფაკულტატურ ოქმს; მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი; მოხდა ბავშვთა უფლებების ახალი კოდექსის შემუშავება და დამტკიცება; ასევე, პარლამენტმა მიიღო გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების ახალი რეგულაციები.

ახლა ჩვენ გვაქვს უფრო ძლიერი და პლურალისტური პარლამენტი, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე ოპოზიციის საქმიანობისთვის განკუთვნილი უფრო ეფექტური მექანიზმებით.

მედია გახდა დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი. პოლიტიკაში ქალების მეტი ჩართულობისთვის მივიღეთ ახალი კანონები. სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგად, 60%-ით შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა. ასევე, აღდგა შეჯიბრებითობა და დაბალანსდა სასამართლო დავებში მხარეთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკა. აღნიშნული შედეგები გვაძლევს საფუძველს, რომ განვაგრძოთ სასამართლო სისტემის რეფორმები.

დაბოლოს, კარგია, რომ უკვე გვაქვს ევროკავშირის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ევროინტეგრაციისთვის საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გზას. დღეს ნამდვილად გვაქვს უკეთესი საქართველო, ვიდრე ის იყო ათი წლის წინ. მადლობას გიხდით შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და გარწმუნებთ თქვენ, ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებები ნამდვილად შესრულდება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.