მარიამ ჯაში - თუ სამედიცინო კუთხით კანაფის მწარმოებელი ქვეყანა ვიქნებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის რატომ უნდა გვქონდეს ჩაკეტილი ალტერნატიული თერაპია
მარიამ ჯაში - თუ სამედიცინო კუთხით კანაფის მწარმოებელი ქვეყანა ვიქნებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის რატომ უნდა გვქონდეს ჩაკეტილი ალტერნატიული თერაპია

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში კანაფის პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის წინააღმდეგია.

ჟურნალისტებთან საუბარში მარიამ ჯაში განმარტავს, რომ მარიხუანას მოხმარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას მხარს უჭერს, თუმცა კანაფის წარმოებასა და ექსპორტში გარკვეულ რისკებს ხედავს. დეპუტატი ამბობს, რომ რისკების გათვალისწინებით, ინიციატივის მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის პირველ ნაწილს ვეთანხმები, რადგან დღევანდელ საკანონმდებლო ვაკუუმში მარიხუანას მოხმარების მაქსიმალური გამკაცრება გვჭირდება, როგორც ასაკობრივი შეზღუდვით, ასევე საჯარო სივრცეებთან მიმართებით. რაც შეეხება კანაფის წარმოებასა და ექსპორტს, ჩვენი რეალობის მქონე ქვეყანაში, განსაკუთრებით ოკუპაციის რეჟიმში, გარკვეულ რისკებს ვხედავ, რასაც დამატებითი კონსულტაციები და განხილვა სჭირდება. ამ რისკების გათვალისწინებით, ინიციატივის მხარდაჭერისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. საზოგადოების კრიტიკული შეფასება გამოწვეული მოულოდნელობისგან იყო, რადგან კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე საუბარი კითხვებს იწვევს. ამაში დარგის სპეციალისტები გარკვეულ რისკებს ხედავენ, რასაც დეტალური განხილვა სჭირდება“, – აცხადებს დეპუტატი.

ჯაშის განმარტებით, რისკი შეიძლება იყოს როგორც შიდა ბაზარზე არარეგალური ბრუნვის, ასევე ოკუპაციის რეჟიმში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლის.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად, რისკია, ამან დამატებითი კითხვები არ შექმნას. იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის წარმოება სამედიცინო და კვლევითი მიზნებით ხდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ნახევარი პროცენტიდან ერთ პროცენტამდე იზრდება. ეს ეკონომიკური თვალსაზრისით უსაფუძვლო არგუმენტი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ძირითადი არგუმენტი ეკონომიკური საკითხია. ჯანდაცვისა და ეკონომიკის გუნდებთან კონსულტაციები იქნება საჭირო, რადგან შეიძლება კონფლიქტი მივიღოთ. კერძოდ, თუ სამედიცინო თვალსაზრისით კანაფის მწარმოებელი ქვეყანა ვიქნებით, მაშინ ჩვენი მოქალაქეებისთვის რატომ უნდა გვქონდეს ჩაკეტილი ალტერნატიული თერაპია, იგივე ონკოლოგიური პაციენტებისთვის მარიხუანას მოხმარების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჯაშმა.