მარიამ ჯაში - თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე მიყვანას
მარიამ ჯაში - თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე მიყვანას

ბრწყინვალე დიპლომატიური კორპუსის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი იყო გარდატეხილი და მივედით 8 მარტის შეთანხმებამდე. უაღრესად მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

ჯაშის შეფასებით, თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შეუწყონ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას.

„უკვე გადაიდგა არაერთი კომპრომისული ნაბიჯი და ვფიქრობ, თითოეული პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა, ხელი შევუწყოთ ამ შეთანხმების ბოლომდე მიყვანას. პროპორციული არჩევნები უფრო მეტად ხალხის ნების გამომხატველი სისტემა არის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი და ამდენად არის მნიშვნელოვანი ამ ცვლილებების ბოლომდე მიტანა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან სავალდებულო არჩევნების საკითხზეც ისაუბრა.

„ჩვენი ფრაქციისთვის იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი სავალდებულო არჩევნების საკითხებზე საუბარი, ადრეც მოგვეცა თქვენს ეთერში ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობა და საჯარო განხილვების ფორმატში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სავალდებულო არჩევნების მნიშვნელობა, 30 ქვეყნის გამოცდილება მსოფლიო მასშტაბით, რომელსაც სავალდებულო მონაწილეობის რეგულაციები უკვე დანერგილი აქვს. გვესმის, რომ არარეალისტურია მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სავალდებულო არჩევნების სისტემის დაწესება, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ფორმატი, ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის ხმა. ჩვენ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ არჩევნებზე, რადგან ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ხალხი არის განმსაზღვრელი იმ ცვლილების, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ შეიძლება, იყოს მიღწეული“, – აცხადებს ჯაში.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა განმარტა, სავალდებულო არჩევნების პრაქტიკა 30 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ქვეყნებში არსებობს.

„ბელგია გახლდათ პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღნიშნული რეგულაცია მიიღო. ყველა შემთხვევაში სანქციებთან არ არის დაკავშირებული სავალდებულო არჩევნების პრინციპი. არსებობს მინიმალური ფინანსური რეგულაციები 5-დან 15 ევროს ფარგლებში, მაგრამ ასევე არსებობს პოზიტიური ხელშემწყობი რეგულაციები, რომელიც მოქალაქეების ჩართულობას კიდევ უფრო ააქტიურებს. მაგალითისთვის, თუ ადამიანი არჩევნებში ორჯერადად არ მიიღებს მონაწილეობას, მესამე ან მეოთხე ჯერზე შეიძლება, მას შეეზღუდოს დროებით არჩევნებში მონაწილეობა. ამდენად წახალისება უნდა მოხდეს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.