მარიამ ჯაში - საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტის ზრდა განათლების პრიორიტეტულობაზე მთავრობის ინიციატივებს პირდაპირ პასუხობს
მომავალი წლის საგანმანათლებლო პროგრამების ბიუჯეტის 160 მლნ ლარით ზრდა პირდაპირ პასუხობს საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივებს განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
მისი ინფორმაციით, განათლების ბიუჯეტის მატების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ კომპონენტს ეხება.
„2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის კომპონენტის გაზრდა მოგვცემს საშუალებას, ყველაზე პრიორიტეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაცია კიდევ უფრო გაფართოვდეს“, – განაცხადა ჯაშმა.
ამასთან, მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტით 5 მლნ-დან 17 მლნ-მდე იზრდება ინკლუზიური განათლების კომპონენტი.
„ინტენსიურად ვმუშაობდით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლებთან, ეს იყო პრობლემა, რომელიც წლების მანძილზე რჩებოდა გადაუჭრელად და კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სპეციალური პედაგოგები უკვე ხდებიან მასწავლებლის სქემის ნაწილი. მათი ანაზღაურების გაუჯობესების გარანტიები 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია“, – აღნიშნა ჯაშმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მომავალ წელს იგეგმება საჯარო სკოლების უფრო მასშტაბური აღჭურვა კომპიუტერებით, პროექტორებით, ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებითა და ინტერნეტ ქსელით.
„37 მლნ ლარით იზრდება ბიუჯეტი სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით. მეტი პედაგოგისთვის არის გათვალისწინებული კვალიფიკაციისა და სტატუსის შესაბამისად დამატებითი ანაზღაურება. იზრდება სამედიცინო კაბინეტების დაფარვის არეალი სკოლების მასშტაბით. 2019 წელს ასევე 130 საჯარო სკოლაში დაემატება მანდატურის სამსახური. ამასთან, 2019 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვნად, 20 მლნ ლარით გაზრდილ ბიუჯეტს“, – განაცხადა ჯაშმა.
მისი თქმით, ახალი კოლეჯები აშენდება მარნეულში, ხაშურში, მარტვილში, წყალტუბოსა და ჩოხატაურის რაიონებში, ასევე პირველად პროფესიული განათლების კომპონენტში არის გათვალისწინებული სტუდენტთა დაფინანსება როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში, საშუალოდ 15 600 სტუდენტისთვის.
„დღეს საგანგებოდ არ ვეხები მეცნიერების ბიუჯეტის დაფინანსების საკითხს, რადგან მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ასევე ზოგადად მეცნიერების დაფინანსების პრინციპების კუთხით“, – განაცხადა ჯაშმა.
ამასთან, მისივე თქმით, კულტურის სფეროში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურის კომპონენტში გათვალისწინებულია 4 მლნ ლარით მეტი დაფინანსება და საერთო ჯამში 12,5 მლნ ლარს შეადგენს.
„ინფრასტრუქტურულ ნაწილში, დამატებითი ფინანსური რესურსი გვჭირდება. როგორც ქართული თეატრის, ასევე კინოინდუსტრიისთვის და განსაკუთრებით, ინკლუზიური კულტურის, ინკლუზიური თეატრების მხარდასაჭერად. ასევე მინდა ხაზი გავუსვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობას და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შემდგომი განხილვების შესაძლებლობა“, – განაცხადა ჯაშმა და განმარტა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მმართველობის ქვეშ ფუნქციონირებს ოთხი მნიშვნელოვანი დასი და კულტურული ორგანიზაცია, რომელთაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება.
ასევე, დეპუტატის თქმით, სასწრაფოდ გადასაწყვეტია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შენობისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობის საკითხები.