მარიამ ჯაში - მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეზე მოგვცემს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესში რომ არ მომხდარიყო ჩარევა, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის შექმნა არ იქნებოდა რელევანტური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ შიდა კონსულტაციები უმრავლესობაშიც მიმდინარეობდა.
„მინდა, ჩემი კოლეგებისთვის ცნობილი გამხდარიყო, რომ კომისიის შექმნა პირველივე წუთებში იხილებოდა, ეს არ გახლავთ მხოლოდ ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან წამოსული წინადადება, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესში არ მომხდარიყო ჩარევა, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობამ, რომ კომისიის შექმნა არ იქნებოდა რელევანტური. ეს თემა იყო შიდა განხილვებში, მაგრამ ჩვენ გვქონდა სწორედ ის შეგრძნება, რომ პარლამენტი უფრო აქტიურად ჩარეულიყო აღნიშნულ პროცესში. მე მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მოგვცემს უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას, როგორც პროკურატურის, ასევე ოჯახის მხრიდან და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შემოთავაზება, რომელიც გაჟღერდა, რომ კონსულტაციები გავაგრძელოთ, დახურულ რეჟიმში იქნება ყველაზე სწორი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.