მარიამ ჯაში - ჩვენი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციას, ვირჩევთ დიპლომატიურ კორპუსთან და მედიასთან ურთიერთობის გზას
მარიამ ჯაში - ჩვენი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არ ვუერთდებით საპროტესტო აქციას, ვირჩევთ დიპლომატიურ კორპუსთან და მედიასთან ურთიერთობის გზას

პარტიის „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ გენერალური მდივანი მარიამ ჯაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ენრიკო ვალვოსს შეხვდა.

ჯაშის თქმით, იტალიის ელჩმა დაუდასტურა, რომ ის ხაზზეა ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშესთან და ასევე, სრულიად დიპლომატიური კორპუსი აქტიურად აკვირდება, როგორც არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ასევე ქვეყანაში არსებულ ყოველდღიურ ვითარებას.

მარიამ ჯაშის განცხადებით, უმჯობესი იქნება, ქუჩის პროტესტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს.

„იტალიის ელჩს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია და ის წუხილები დეტალურად გავაცანი, რომელიც გვაქვს არჩევნების დღესთან და შემდეგ უკვე ხმების დათვლასთან დაკავშირებით. ჩვენი პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაგრამ არჩევნების შედეგების არაღიარებასთან ერთად, არ ვუერთდებით საპროტესტო აქციას და ვირჩევთ, დიპლომატიურ კორპუსთან დიალოგის და მედიასთან ურთიერთობის გზას.
იტალიის ელჩს ვთხოვე, რომ დიპლომეტიურმა კორპუსმა კვლავ აქტიური როლის შესრულება შეძლოს აღნიშნული კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მისი თქმით, 8 მარტის ხელშეკრულების არაჩვეულებრივი გამოცდილება არსებობს, როდესაც დიპლომატიურმა კორპუსმა, როგორც ფასილიტატორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა და დღესაც საქართველოს წინაშე დგას ის პრობლემა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის აქტიური ჩართულობით შეიძლება გადაწყდეს.