მარიამ ჯაში - 8 მარტის შეთანხმება იყო უპირობოდ წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, თუმცა რეალურად, ამ შეთანხმებამ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უპირობოდ წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების კუთხით, რეალურად, ამ შეთანხმებამ ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა.
„ხელისუფლების ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი აუცილებლად გახდება კრიტიკის საკითხი, თუ „ქართული ოცნება“ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ის აუცილებლად დაკარგავს საარჩევნო ხმებს, მეორეს მხრივ თუ კი შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული, აუცილებლად გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. როდესაც ევროპარლამენტარები თანმიმდევრულად აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აისახება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებზე. ჩვენ თუ დავკარგავთ ევროპარლამენტართა ნდობას ან ვაშინგტონის მხარდაჭერას, აუცილებლად აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას და ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯების სტაგნაციას და უკუსვლას“,- განაცხადა ჯაშმა.
მისივე თქმით, გამოსავალი შემქნილი ვითარებიდან არის ის, რომ შეთანხმების პირველი პუნქტი მაინც შესრულდეს. როგორც ჯაში ამბობს, პარლამენტში საკმარისი ხმებია იმისთვის, რათა საარჩევნო სისტემის ცვლილებები მიიღონ.
ამასთან, ჯაში გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვაზე საუბრობს.
„ვფიქრობ, გამოსავალი არსებობს, რომ სულ მცირე შეთანხმების პირველი პუნქტი მაინც უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი. ეს იქნებ ტესტი ხელისუფლებისთვის, არიან თუ არა მზად და არსებობს თუ არა პოლიტიკური ნება, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. პარლამენტში საკმარისია ხმებია, რომ იყოს მიღებული საარჩევნო სისტემის ცვლილებები. რაც შეეხება მეორე პუნქტს, ვფიქრობ, პოლიტიკური ჩრდილით მიმდინარე სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, გამარტივდება გადაწყვეტილების მიღება, თუ კი საქართველო მიმართავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც გამოყოფს დამოუკიდებელ ექსპერტებს და მოხდება დეტალურად შეფასება სამივე საქმის. მსგავსი პრეცედენტები არსებობს ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან მიმართებაში, მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტიზით შეიძლება იქნას უარყოფილი ან დადასტურებული ოქრუაშვილი, უგულავა და რურუა არიან თუ არა პოლიტპატიმრები. ეს გაამრტივებს ჩიხიდან გამოსვლის გზას და შემდგომ იქნება უფრო მარტივი როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე შემდგომი ნაბიჯების მიღება“,- განაცხადა ჯაშმა.