მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა, მხარის ტრავმის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ვარჯიშებს შეუდგა, თუმცა მხოლოდ ჩოგბურთით არ შემოიფარგლება.
რუსმა ჩოგბურთელმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ახალი ფოტო და გულშემატკივრებს აცნობა, რომ მხატვრულ ფილმში იღებენ.
„პირადი ტრეილერი და სამსახიობო შემადგენლობა, რომლის გვერდითაც საკუთარ თავს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ამ მომენტს სამუდამოდ დავიმახსოვრებ! როგორც ფიქრობთ, რას ვიღებთ?“, – იკითხა შარაპოვამ სოციალურ ქსელში და ფოტოზე მიუთითა ჰეშთეგები: #კარნახსარვართ და #ბოდიში.
პაუზის შემდეგ, მარია შარაპოვას პირველი გამოჩენა კორტზე შტუტგარტის ტურნირზე მოხდება, რომელიც 20-28 აპრილს გაიმართება. ორგანიზატორებმა რუს ჩოგბურთელს „უაილდ ქარდი“ მიანიჭეს.