ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ერთ-ერთ მატჩზე ნაბახუსევი გავიდა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ერთ-ერთ მატჩზე ნაბახუსევი გავიდა

მსოფლიოს ამჟამინდელმა და ყოფილმა პირველმა ნომრებმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რუსმა მარია შარაპოვამ „ინსტაგრამში” ერთობლივი პირდაპირი ეთერი გამართეს.

ჯოკოვიჩმა რუს ჩოგბურთელს მოუყვა, რომ ერთხელ ალკოჰოლის დიდი დოზის მიღების შემდეგ გავიდა მატჩზე სათამაშოდ.

„მთვრალი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ მე მქონდა ერთი მატჩი კარიერაში, როცა დევისის თასის შეხვედრაზე ნაბახუსევი გავედი კორტზე, რადგან უიმბლდონზე გამარჯვება აღვნიშნე. ეს იყო შვედებთან 2011 წელს წყვილთა შეხვედრა. ბურთს ცუდად ვხედავდი. ეს იყო ბოლო. მას შემდეგ, თითქმის აღარ ვსვამ. ერთი ჭიქა ღვინო – ეს ნორმალურია, მაგრამ მეტი არა”, – თქვა 32 წლის ჯოკოვიჩმა.

„მე მთვრალი მატჩზე არასოდეს გავსულვარ, – უპასუხა შარაპოვამ. – ერთ-ერთი მატჩის წინ, მხოლოდ სამი საათი მეძინა. ეს არ მომხდარა ალკოჰოლის გამო. მე ვთამაშობდი კარლა სუარეს ნავაროს წინააღმდეგ და დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოვიგე სამ სეტში”.