მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობაზე, მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობაზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი.
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულია კანონის უარყოფითი ზემოქმედებით საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც“.
„ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და გააგრძელოს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით საბოლოო დამტკიცება, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა მის შეუთავსებლობასთან ევროპულ სტანდარტებთან.
ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობაზე და უარი თქვა მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.
აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც.
ასევე, შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების გამო. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოძიებული და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ისეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.