მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი - შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით
შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მივესალმე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შეშფოთებულია გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში ხელახლა წარდგენით.
„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახლა წარდგენით. შარშან, საქართველოს ბევრ მეგობართან ერთად, მე მივესალმე ამ საკანონმდებლო ინიციატივის უკან გაწვევას. მე დღეს გავიმეორებ, რომ კონსტრუქციული დიალოგი და ჩვენი სტანდარტების დაცვა რჩება საკვანძოდ“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 3 აპრილს დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.