მარცხი ბოლო წამებზე - საქართველოს ნაკრები ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის განაგრძობს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე მატჩი გამართა. ამ შეხვედრის შედეგზე იყო დამოკიდებული ჩვენი გუნდი განაგრძობდა თუ არა ბრძოლას პირველობისთვის. საქართველოსა და მის მოწინააღმდეგე ჩრდილოეთ მაკედონიას თანაბარი ქულათა რაოდენობა ჰქონდათ და გამარჯვებული მეორე ადგილსა და მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებდა.

ქართველებმა, რომლებსაც მეორე მატჩია ტრავმამოშუშებული ლუკა ლიკლიკაძე დაუბრუნდათ, შეხვედრა კარგად დაიწყეს, პირველი ტაიმი 6 ქულის სხვაობით მოიგეს და მესამის დასაწყისში უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს. თუმცა მაკედონიელებმა პერიმეტრიდან ტყორცნებით ჩამორჩენა მალევე აღმოფხვრეს და საფინალო სირენამდე წუთით ადრე 72:67 დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ვოვა თავაქარაშვილმა სამქულიანით სხვაობა ორამდე შეამცირა. შემდეგ იყო მაკედონიელთა ერთი საჯარიმო და ვოვას კიდევ ერთი სამიანი – 73:73.

საფინალო სირენამდე 24 წამით ადრე საქართველოს ნაკრებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღო, მეტოქემ ორი საჯარიმო სტყორცნა, სამაგიერიდ კი ბოლო სრულყოფილი იერიშის უფლება ქართველებს დარჩათ. მაკედონიელებმა ერთი ტყორცნა გამოიყენეს, თუმცა ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტ მომენტში ბურთიც დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსიც. ჩრდილოეთ მაკედონიამ 76:73 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.

19-19 ქულით საქართველოს ნაკრების ბომბარდირობა ვლადიმერ სალარიძემ და ვლადიმერ თავაქარაშვილმა გაიყვეს. 15 ქულა ჰქონდა ლუკა ლიკლიკაძეს.

საქართველოს ნაკრები ბრძოლას მე-9 ადგილისთვის განაგრძობს. 23 ივლისს მისი მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იქნება.