საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევს დანიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევს დანიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 23 თებერვალს დანიაში ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ეს იქნება ჩვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ამ შესარჩევზე, რადგან სწორედ დანიაა უშუალო კონკურენტი ფინალური ეტაპის გზაზე. ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი მასპინძელია და ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან შედეგები დანარჩენ სამ გუნდს აქტივში ეთვლება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. თუ გავითვალისწინებთ ფინეთის მასპინძლის სტატუსს, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება. რადგან სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში დანიის გადასწრებაა. ამ მიზნის მისაღწევად კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დანიაში გამარჯვება.

 

საქართველო

საქართველოს ნაკრები დანიაში დანაკლისით გაემგზავრა. მოგეხსენებათ, ალექსანდრე მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ჩვენს გუნდს ვერ ეხმარებიან, ისევე როგორც NBA-ის ყველა ევროპელი მოთამაშე თავის ნაკრებს. თუმცა „ჯვაროსნებს“ კიდევ 2 მოთამაშე ტრავმის გამო აკლიათ – დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი.

საქართველოს ნაკრებს დანიაში ახალწვეული ამერიკელი ჯოზეფ (ჯო) ტომასონი დაეხმარება, რომელიც ევროლიგის კლუბ „მაკაბიში“ გადავიდა, თუმცა ამას მისთვის საქართველოში ჩამოსვლაში ხელი დიდად არ შეუშლია.

„საქართველოში ყველა თბილად დამხვდა. დანიაში გასამართი მატჩის მნიშვნელობა კარგად ვიცით და გუნდთან ერთად გამარჯვებისთვის ვემზადები“, – ასეთი იყო ტომსონის კომენტარი.

საქართველოს ნაკრები:

გიორგი ცინცაძე (თსუ), ოთარ ფხაკაძე (გურჯაანი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ჯო ტომასონი (მაკაბი, ისრაელი), რევაზ როგავა (ბათუმი), დავით კაკუშაძე (ვსა), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), კახა ჯინჭარაძე (თსუ), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), ბექა ბურჯანაძე (კორუნია, ესპანეთი), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე (გურჯაანი), ბექა ბექაური (გურჯაანი).

 

დანია

„დანიის ნაკრებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ველაპარაკე შეივონ შილდსს, რომელიც ამ ფანჯარაში არ ითამაშებს, თუმცა გუნდში იქნება ჩემი თანაკლუბელი იფე ლუნდბერგი. მაღალი დონის უკანახაზელია, მწვრთნელებს აქვთ შემუშავებული შესაბამისი ტაქტიკა მის გასანეიტრალებლად“, – გვითხრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ.

დანიის ნაკრები:

ბაკარი დიბა (კარლსრუე, გერმანია), იფე ლუნდბერგი (ვირტუსი, იტალია), სილვესტერ ბერგი (ბაკენი, დანია), სებასტიან არისი (კორუნია, ესპანეთი), ადამ ჰეედე-ანდერსენი (ვარლოსე, დანია), იონას ზოჰორე (ბალკანი, ბულგარეთი), დარკო იუკიჩი (ბაკენი, დანია), ფრედერიკ დრეიერ ერიკსენი (ბაკენი, დანია), მადს ბონდე სტურუპი (გიპუზკოა, ესპანეთი), კევინ ლარსენი (ესტუდიანტესი, ესპანეთი), გუსტავ კნუდსენი (ბაკენი, დანია), მარტენ ბულოუ (რანდერსი, დანია), ჯონათან კლუსმანი (ლა როდა, ესპანეთი), ტობიას იენსენი (ულმი, გერმანია)