მაორის ხალხის მხარდამჭერ აქციაზე, ახალი ზელანდიის პარლამენტთან 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა
მაორის ხალხის მხარდამჭერ აქციაზე, ახალი ზელანდიის პარლამენტთან 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ახალი ზელანდიის პარლამენტთან, მაორის ხალხის მხარდამჭერ აქციაზე 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ახალი ზელანდიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ახალი ზელანდიის დედაქალაქ უელინგტონში მაორების მრავალათასიან დემონსტრაციას წინ უძღოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრადღიანი მშვიდობიანი პროტესტი – „ჰიკოი“.

დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც ბრიტანელ კოლონიზატორებსა და მაორის მკვიდრ ხალხს შორის 1840 წელს დადებულ შეთანხმებაში შესწორების შეტანას ითვალისწინებს. მაორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მათ უფლებებს შელახავს. კანონპროექტი პარლამენტში მმართველ კოალიციაში შემავალმა ლიბერტარიანულმა პარტიამ, Act Political-მა შეიტანა. ის ითვალისწინებს „ვაითანგის ხელშეკრულების“ ახალ ინტერპრეტაციას და მისი პრინციპების სამართლებრივად განსაზღვრას.

1840 წელს მაორის ბელადებსა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახს შორის გაფორმებული „ვაითანგის ხელშეკრულება“ დღევანდელი ახალი ზელანდიის დამფუძნებელი შეთანხმებაა. შეთანხმებით, ბელადებმა სუვერენიტეტი ბრიტანეთს გადასცეს, სანაცვლოდ კი საკუთრების, მათ შორის, მიწის ფლობის უფლების გარანტია მიიღეს.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ის აუცილებელია, რათა ასახოს რეალობა ახალ ზელანდიაში, რომლის მოსახლეობა შედგება არა მხოლოდ მაორებისა და ბრიტანელიებისგან. ინიციატორი პარტიის ლიდერი დევიდ სეიმური მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში „ვაითანგის ხელშეკრულებამ“ გამოიწვია დაყოფა და არა – ერთიანობა.

„ჩემი კანონპროექტი ამბობს, რომ მე, როგორც ყველას, განურჩევლად იმისა, აქ ათასი წლის წინ მოვედი თუ ოკლენდის აეროპორტში თვითმფრინავიდან ახლახან ჩამოვედი, თანაბარი ფუნდამენტური უფლებები და ღირსება მქონდეს. თქვენი ამოსავალი წერტილი კი არის, რომ ჰკითხოთ ადამიანს: ვინ არის თქვენი წინაპარი? როგორი ადამიანი ხარ? ადრე ამას ცრურწმენას, ფანატიზმს, პროფილირებას და დისკრიმინაციას ეძახდნენ. ახლა თქვენ ცდილობთ, ეს სიკეთედ წარმოაჩინოთ. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა დევიდ სეიმურმა.

კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას მეორე მოსმენით დაუჭირონ მხარი, რადგან მმართველ კოალიციაში პარტია Act Political-ის პარტნიორებმა უკვე განაცხადეს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა განაცხადა, რომ „ნაციონალური პარტია“ თავისი კოალიციური პარტნიორის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„არ ვფიქრობთ, რომ კალმის ერთი მოსმით შესაძლებელია 184-წლიანი დებატებისა და დისკუსიების გადაწერა“, – განაცხადა ლუქსონმა.