მანანა მენაბდე - არ შეიძლება, განათლება, კულტურა და სპორტი ერთმა ადამიანმა ითავოს, ეს დიდი შეცდომაა
არ შეიძლება, განათლება, კულტურა და სპორტი ერთმა ადამიანმა ითავოს, ეს დიდი შეცდომაა, – ამის შესახებ მუსიკოსმა, მანანა მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„განათლებას სჭირდება ადამიანი, რომელსაც აკადემიურ სივრცეზეც წარმოდგენა აქვს და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება. განათლებას სჭირდება სხვა ადამიანი და სპორტსაც სხვა ადამიანი. რა თქმა უნდა – პროფესიონალები“, – განაცხადა მენაბდემ.
მისი თქმით, მინისტრებმა და გადაწყვეტილების მიმღებმა სხვა თანამდებობის პირებმა უნდა მოიყვანონ ძალიან განათლებული, კრეატიული და კეთილსინდისიერი გუნდი, რომელსაც საქართველოს, კონკრეტულად, კულტურის ბედი აღელვებს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მენაბდემ.
როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემუშავდეს კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია.
„როდესაც მე ვარ კულტურის მინისტრი, მთელი საქართველოს კულტურაზე ვარ პასუხისმგებელი. სტრატეგია უნდა შემუშავდეს დაახლოებით, 30 წლის მანძილზე მაინც, მაგრამ ეს ყველაფერი ისე მყარად უნდა იყოს გაკეთებული, რომ ახალგაზრდა თაობა რომ მოვა და ახალს შემოიტანს, ის ძველიც გაძლიერდეს“, – განაცხადა მენაბდემ.
მანანა მენაბდემ ასევე განაცხადა, რომ როცა ადამიანი კულტურის მინისტრია ან სამინისტროში მუშაობს, ვალდებულია, ხელოვანებს იცნობდეს.
„ხომ არ შეიძლება, სახელმწიფოს სახეს მასა აკეთებდეს?! შეიძლება, რომ იყოს ათი ილია ჭავჭავაძე, ხუთი გალაკტიონი ან ორი გალაკტიონი?! გალაკტიონი ერთია და იმ ერთ გალაკტიონს და ერთ შოთა რუსთაველს აჰყავს სახელმწიფო იმ დონეზე, რა დონეზეც მათ აიყვანეს. მათი სახელები უნდა იცოდნენ, ვალდებული არიან. როგორ შეიძლება, მე დიალოგი არ მქონდეს კულტურის სამინისტროსთან და მუხლმოდრეკილი ვევედრებოდე?! როცა ვამბობ მე, ვგულისხმობ ჩემს ამქარს“, – განაცხადა მანანა მენაბდემ.