მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა მძიმე შეცდომა დაუშვა, სულ მცირე, მათი გამონათქვამები კორექტული არ იყო
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა მძიმე შეცდომა დაუშვა, სულ მცირე, მათი გამონათქვამები კორექტული არ იყო

საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა და სულ მცირე, მათი გამონათქვამები კორექტული არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, წინა კვირაში იყო გარკვეული ცხარე დისკუსიები, თუმცა ეს არის აზრთა სხვადასხვაობა და არა, დაპირისპირება.

„ხშირად მითხოვია ჟურნალისტებისთვის, რომ ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას აზრთა სხვადასხვაობას. წინა კვირაში იყო გარკვეული ცხარე დისკუსიები, მათ შორის, დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა და სულ მცირე, არ იყო კორექტული მათი გამონათქვამები. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია გადაიზრდება რაიმე დაპირისპირებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა შეცდომები, მათ შორის განცხადების გაკეთებისას ძალიან იჩქარა გედევან ფოფხაძემ.

„რამდენი დეპუტატის მხრიდან იყო განცხადებების დროს შეცდომები დაშვებული. გედევან ფოფხაძემ ძალიან იჩქარა, როდესაც გააკეთა განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ კვოტირების თემას ასეთი რეაქცია ნამდვილად არ უნდა მოჰყოლოდა. მაშინ ჩვენ უნდა გველაპარაკა მსგავს საკითხებზე, როდესაც კვოტირების მიხედვით ვირჩევდით ვიცე-სპიკერებს, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსიდან“,  „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საერთო აზრია და მთელი გუნდი ეთანხმება, რომ მსგავსი განცხადებები ემოციურ ფონზე, როდესაც ამას რეალური საფუძველი არ აქვს, არის შეცდომა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების  ფონზე. ამასთან, მისი თქმით, უმრავლესობის სამმა-ოთხმა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორის არის ნუკრი ქანთარია.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.