ირაკლი კობახიძე - სამმა-ოთხმა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორის არის ნუკრი ქანთარია
ირაკლი კობახიძე - სამმა-ოთხმა დეპუტატმა შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს, მათ შორის არის ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული და მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატმა საჯარო განცხადებების დროს შეცდომა დაუშვა, რომელთა შორის არის დეპუტატი ნუკრი ქანთარია.

კობახიძის განცხადებით, ქანთარიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებებისას და შესაბამისად, მსჯელობა მასთანაც გაიმართება.

„საპარლამენტო უმრავლესობა არის შეკრული. მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები, გამომდინარე აქედან, მცირე ინციდენტები პრობლემებს ვერ შექმნის, ამაზე თავს დავდებ. არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომელმაც შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა, თუმცა მარტივად გადასაჭრელი. მათ შორის არის ნუკრი ქანთარია, შესაბამისად, მასთანაც ვიმსჯელებთ. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა საჯარო განცხადებების დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების  ფონზე.

„ჩვენ ასეთ საკითხებს განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის დატოვების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გააანალიზოს.

დატოვე კომენტარი