მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა, რომ დავით გარეჯის საქმეში იყო პოლიტიკური მოტივი
მამუკა მდინარაძე - სახალხო დამცველს მოუწევს მტკიცებულების წარმოდგენა, რომ დავით გარეჯის საქმეში იყო პოლიტიკური მოტივი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმეში პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა კონკრეტული მტკიცებულება უნდა წარადგინოს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ უნდა ილაპარაკონ.

„სახალხო დამცველს მოუწევს ელემენტარული მტკიცებულების წარმოდგენა, რომ ამ საქმეში იყო პოლიტიკური მოტივი. რაღაც მოდაში შემოვიდა სამართლებრივი მოტივის გადაწონვა. სამართლებრივ მოტივს ვერასდროს ვერაფერი გადაწონის. უმძიმესი შეცდომაა, თუ ვინმე ასე ამბობს, რომ სამართლებრივ მოტივს რაღაც გადაწონის, ვერაფერი ვერ გადაწონის, მით უმეტეს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივაციის შესახებ მტკიცებულებები ვერ იარსებებს და ასეთი არ არსებობს. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა, რომ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ნარატივში ჩაჯდეს მაშინ, როცა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით წინ სასამართლოა (სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ არც აქ და არც იმ ქვეყანაში, ნებისმიერში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ გულწრფელი პრეტენზია), მის ფუნქციებს თუ არ შეითავსებს რომელიმე ადამიანი, თუნდაც სახალხო დამცველი, ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მსგავს თემებზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ.

საზოგადოებამ იცის, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა, რაც დავით გარეჯის იმ მონაკვეთის საქართველოს კუთვნილებას ადასტურებდა, რაზეც საქართველო თავის მეგობარ ქვეყანასთან დასაბუთებულ პრეტენზიას აცხადებს. ამ შემთხვევაში, თუ ამის მიღმა გარკვეული არაკანონიერი მოქმედებებია რომელიმე პირისთვის ბრალად დადებული, ამის შეფასება, თანაც სუბიექტურად მიუღებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეს აშკარად აქვს პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის.