მამუკა მდინარაძე - პარლამენტი ზაზა სარალიძის გვერდით მანამდე იქნება, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა
ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ არ არის გაცემული, საქართველოს პარლამენტი ზაზა სარალიძის გვერდით მანამდე იქნება, ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა – ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ხალხის არჩეულ დეპუტატებს ვალდებულება აქვთ, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მსგავს საქმეებზე არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს.
„ამიტომ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღოთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შევქმნათ და ამ საქმეში თავად ჩავერთოთ. ამასთან, ნამდვილად არ ვაპირებთ, რომელიმე კითხვას გვერდი ავუაროთ”, – აღნიშნა მდინარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.