მამუკა მდინარაძე - „ნამახვანჰესის“ პროექტზე წინა ხელისუფლებაც საუბრობდა, მაგრამ მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს
მამუკა მდინარაძე - „ნამახვანჰესის“ პროექტზე წინა ხელისუფლებაც საუბრობდა, მაგრამ მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს

„ნამახვანის“ პროექტი არის ერთ-ერთი უსერიოზულესი პროექტი, რომელზეც წინა ხელისუფლებაც საუბრობდა, მაგრამ მათ ამის განხორციელება ვერ შეძლეს, ვერ მოასწრეს ვერ ვიტყვით, ვერ შეძლეს, საამისო პირობები მათ ვერ შექმნეს, –   ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით აქციის მონაწილეებმა ყველა კითხვაზე პასუხი უნდა მიიღონ. სწორედ ამიტომ, როგორც მდინარაძე ამბობს, მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული.

„დღეს, როდესაც საქართველოში შემოსულია ინვესტორი, რომელიც უმსხვილეს ინვესტიციას დებს, ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტიციას, რომელიც 800 მლნ დოლარს შეეხება, ამისი ასე ერთი ხელის მოსმით და რაღაცა მესიჯებით იგნორირება წარმოუდგენელია, არ შეიძლება. თუმცა, აქვე უნდა დავეთანხმოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, მათ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. ამისთვისაც ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან. პრემიერმა დაავალა კონკრეტულ, დარგობრივ მინისტრებს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ამ მიმართულებით გაიზარდოს და ყველა ადამიანი საქმის კურსში იყოს. ჩვენი მხრიდან გამოვთქვით მზაობა, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე მაქსიმუმ, საკომიტეტო მოსმენაც იქნებოდა. სავარაუდოდ სამშაბათს განიხილება ორ კომიტეტში მოსმენა და ყველას ექნება საშუალება, თვალყური მიადევნოს საკომიტეტო მოსმენას. იქ დაისმება ბევრი კრიტიკული კითხვა, თუმცა ამ ყველაფერზე იქნება პასუხები.

დღეს ენერგეტიკა არის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელმაც ეკონომიკურ აღდგენაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს. მაგალითად, ჩვენ ბუნება ძალიან გვიყვარს, გარემოს დაცვის მიმართულებით სერიოზულ პროექტებსაც ვახორციელებთ და ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული თემაა. მაგრამ, მაგალითად, შვეიცარიელებს ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ ბუნება და ნაკლებ ყურადღებას არ აქცევენ გარემოს დაცვას. 1000-მდე კაშხალია შვეიცარიაში და 600-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურია ძალიან მაღალი სიმძლავრის. ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ ქვეყანას გარემოსდაცვითი მიმართულებით პრობლემა არ შეექმნას. ჩვენს ქვეყანაშიც ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ინვესტიციებიც არ დავაზიანოთ. თუკი რამე კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე შესაბამისი გადაწყვეტილებები და პასუხები უნდა იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.