მამუკა მდინარაძე - კანონპროექტის ავტორებმა 2013 წელს არ იცოდნენ, მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად რომ აირჩიეს?! თუ მიდგომა არასწორი იყო, მაშინ რატომ არ გამოხატეს პროტესტი
მამუკა მდინარაძე - კანონპროექტის ავტორებმა 2013 წელს არ იცოდნენ, მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად რომ აირჩიეს?! თუ მიდგომა არასწორი იყო, მაშინ რატომ არ გამოხატეს პროტესტი

იმ რამდენიმე ავტორმა აბსოლუტურად სხვა კანონპროექტი დაარეგისტრირა და შემდეგ, აბსოლუტურად სხვა მესიჯ ბოქსი ჰქონდათ საზოგადოებასთან სალაპარაკოდ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„მათ ერთმანეთში აურიეს ორი თემა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების თემა – უზენაესი სასამართლოს თემაში. იმიტომ, რომ საზოგადოება შეცდომაში შესულიყო, ხალხი მოტყუებულიყო და რაღაცნაირად, მორალური უპირატესობა მოეპოვებინათ. ამ ქმედების და კანონპროექტის ავტორებმა 2013 წელს არ იცოდნენ, მაგალითად, მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად რომ აირჩიეს?! თუ მიდგომა არასწორი იყო, მაშინ რატომ არ გამოხატეს ამაზე პროტესტი?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა პირადად მას კითხვები იგივე მურუსიძის, ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეების მიმართ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კითხვები, რა თქმა უნდა, აქვს.

„პარლამენტამდე მე ადვოკატი ვიყავი, თერთმეტი წლის განმავლობაში და ბევრი უსამართლობა პირადად ჩემ თავზეც მაქვს გამოცდილი, როდესაც მოსამართლემ დამაპატიმრა არჩადენილი დანაშაულისთვის და იმ მუხლისთვის, რომელშიც პატიმრობა, აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ ეწერა. უამრავი საქმე მქონია, რის გამოც უდიდესი პროტესტი გამჩენია და გამომიხატავს. ხშირად მქონია შემთხვევები, როდესაც როგორც ადვოკატს, მემუქრებოდნენ, კლიენტის დაცვის გამო საქმიდან თუ არ გავიწეოდი და ა.შ.“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, კითხვები, რა თქმა უნდა, აქვს და ეს კითხვები უნდა დაისვას იქ, სადაც უნდა დაისვას, მაგრამ არა პოპულისტურად.

„თუ ეს კითხვები არსებობდა, ამ კითხვების ექვსი წლის თავზე გახსენება შეიძლება?! თუ მაშინ სწორი იყო მიდგომა, რომ ქირურგიული ჩარევა დამღუპველი იყო, ახლა გახდა არასწორი?! უკვე ახლა, როცა სისტემას ამყარებ და დემოკრატიისკენ მიდიხარ ისე, რომ ამ სისტემას ხელს უწყობ გაჯანსაღება-თვითგამორკვევაში და ა.შ, ექვსი წლის შემდეგ მიდგომის შეცვლა იქნება გამოსავალი?! ეს კითხვები ხომ ჩნდება საზოგადოებაში და ადამიანები ამ კითხვებს ხომ აბსოლუტურად ლეგიტიმურად სვამენ?!“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ როდესაც პოლიტიკოსი ერთ დღეს ასე ლაპარაკობს, მეორე დღეს კი იმპიჩმენტზე საუბრობს, ეს არათანმიმდევრულობაა, ეს ყველაფერი არასერიოზულია და როგორც მინიმუმ, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების ნიშნების მატარებელია.