მამუკა მდინარაძე - დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადების მოტივებზე სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს
სახალხო დამცველს სამართლებრივი არგუმენტაციით მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა მისი განცხადების მოტივებთან დაკავშირებით, არის თუ არა, ლეგიტიმური ის მოქმედება, რაც დღეს განხორციელდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას.
„სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში უნდა წარდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშით. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, რით იყო მისი განცხადება გამოწვეული, მაშინ, როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რომელიც დღეს განხორციელდა, პრაქტიკულად, დაზიანებებისა და სერიოზული გართულებების გარეშე, რისკების მაქსიმალურად დაზღვევით, რისთვისაც პოლიციას მადლობა უნდა გადავუხადოთ.
წინა დღეების განმავლობაში, მათ მოვუწოდებდით, რომ კანონის აღსრულება არის ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სახელმწიფოში, მაგრამ მათ უნდა ემოქმედათ ადამიანის უფლებების სრული დაცვით. მათ ეს მოახერხეს. სწორედ ამისთვის ვუხდით მადლობას. რაც შეეხება სახალხო დამცველს, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა თავისი სამართლებრივი არგუმენტაციით და მისი განცხადების მოტივებთან დაკავშირებით, არის თუ არა სამართლებრივი, ლეგიტიმური მოქმედება ის, რაც დღეს განხორციელდა. ჰქონდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლები – ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ. ამ კითხვას ვერავინ გაექცევა, ვერც სახალხო დამცველი. ეს თუ ასეა და, რა თქმა უნდა ასეა, მაშინ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება.