მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ, ეს სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერ დაიჭერდნენ, ეს სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა

ნიკა მელიამ სახელმწიფოს უთხრა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო, რამაც განაპირობა მისი პატიმრობა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას გირაოს გადახდაზე უარი რომ არ ეთქვა, ვერავინ დააპატიმრებდა.

„ნიკა მელიას არა პატიმრობა, არამედ გირაო ჰქონდა შეფარდებული და მან ამაზე უარი თავად თქვა. აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებაზე ამ ადამიანმა თავად თქვა უარი. ეს არის მთავარი დეტალი და არგუმენტი. მიუხედავად მისი გადაცდომებისა თუ დარღვევებისა, მიუხედავად იმისა, რომ ის დამნაშავედ არის ცნობილი წარსულში, რაც ერთ-ერთი არგუმენტია ხოლმე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროს, პროკურატურამ ბოლო შემთხვევაშიც გადაწყვიტა, გირაოს გაზრდით გაემკაცრებინა. ამ ადამიანმა თავად გადაწყვიტა, რომ ის პატიმარი ყოფილიყო და სახელმწიფოს უთხრა, რომ არც გადაიხდიდა და ვერც დაიჭერდნენ. ეს კანონის და სახელმწიფოს გამოწვევა იყო და ამან განაპირობა. ეს მთავარი დეტალია. მას უარი რომ არ ეთქვა გირაოს გამოყენებაზე, ბუნებრივია, ვერავინ დააპატიმრებდა, ის ციხეში ვერ მოხვდებოდა.

მართლა პოლიტიკური მიზანი რომ ჰქონდა რომელიმე ხელისუფლებას, მათ შორის ჩვენ, რომ გავგიჟებულიყავით და ნიკა მელიას პოლიტიკური დევნა მოგვენდომებინა, ვერ შევძლებდით ამას, გირაოს გამოყენებაზე უარი რომ არ ეთქვა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო, რითაც ერთი მხრივ, შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე მხრივ, მისგან ისეთი პერსონის შექმნა სცადეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება.

„ჩემი შეფასებით, მხოლოდ მელიას არ მიუღია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, მასთან ერთად მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი პატიმრობა, რითაც ორი კურდღელი დაიჭირა – ერთი ის, რომ შიდა კონკურენტი მოიშორა და მეორე ის, რომ მელიასგან უნდათ ისეთი პერსონის გამოყვანა, რომლის ირგვლივაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება, რაც ასე არ მოხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.