ზაალ უდუმაშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებასთან დიალოგი ან პარლამენტში შესვლაზე საუბარი, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეშია
ზაალ უდუმაშვილი - როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებასთან დიალოგი ან პარლამენტში შესვლაზე საუბარი, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეშია

როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებასთან დიალოგი ან პარლამენტში შესვლაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ციხეშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა თუ სურს, იცის რა არის ამის წინაპირობა.

ამასთან, მისივე შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გაცილებით მკაცრი განცხადებები გაკეთდა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რაიმე სახის დიალოგი ხელისუფლებასთან და თუნდაც პარლამენტში შესვლაზე საუბარი იმ ფონზე, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე შტურმით აიყვანეს და ციხეში წაიყვანეს. ხელისუფლებას მოლაპარაკებები და იმაზე საუბარი თუ სურს, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ, იცის რა არის ამის წინაპირობა. მოწოდებას ვიღებთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პირობები ხელისუფლებასთან.

ჩვენ სხვა მოწოდებები და განცხადებებიც ვნახეთ როგორც ევროკავშირიდან, ასევე შეერთებული შტატებიდან, რომლებიც ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება. გაცილებით უფრო მკაცრი მოწოდებები და განცხადებები იყო. ხელისუფლებამ ჯერ ის განცხადებები და მოწოდებები უნდა გაითვალისწინოს, რომელიც ისმის და შემდეგ გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რომელსაც ჰქვია მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, პარლამენტში შესვლის ჩათვლით.