მამუკა მდინარაძე - ბინადრობაზე რეგულაციების გამკაცრება მორგებულია საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე
აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ თბილისის მერის და ჩემი კოლეგების ინიციატივას საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების გართულებასთან დაკავშირებით,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს.
„ამ საჭირო და დროული ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, დასჭირდება 100 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონების შეძენა. გარდა ამისა, უცხოელი ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში, ბინადრობის უფლებას საერთოდ დაკარგავს. ამავე დროს ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უნდა განახორციელოს მინიმუმ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მისი წლიური ბრუნვა მინიმუმ 120 000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, რაც ამ კანონის უმთავრესი დადებითი მხარეა. კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება კანონში დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს – მათ თავისუფლად შეეძლოთ რამდენიმეჯერ დაეფიქსირებინათ ერთი ბინის გადაყიდვა უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებზე და ამით ეძლეოდათ საშუალება, ბინადრობის უფლება მოეპოვებინათ რეალურად ბინის შეძენის გარეშე. ცვლილებებით ეს ხარვეზებიც მთლიანად აღმოიფხვრება“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.