მამუკა მდინარაძე - ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ ღილაკზე თითის მიმჭერებად
მამუკა მდინარაძე - ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ ღილაკზე თითის მიმჭერებად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თამარ ჩუგოშვილისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, სამწუხაროა თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილება, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობის რიგები.

„თამარ ჩუგოშვილმა გუშინაც და დღესაც, მათ შორის უმრავლესობის სხდომაზე დააფიქსირა, რომ აღნიშნული საკითხი პრინციპული მნიშვნელობის იყო. აქედან გამომდინარე, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის და გუნდისთვის ძალიან სამწუხაროა, რადგან თამარ ჩუგოშვილი არის გუნდის ძალიან ღირსეული წევრი. ასევე, ის ადამიანები არიან ძალიან ღირსეული წევრები, რომლებიც გავიდნენ დღეს უმრავლესობიდან. უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ შევქმნათ ძალით აჟიოტაჟი, რომელსაც ოპონენტები ქმნიან. არვიცი, ოპონენტები რამდენად იყვნენ მოწოდებულები პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ ასეც არ არის თურმე საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება.

„არანაირი რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ცივი გონებით, რაციონალურად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ერთი გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა ავრიოთ, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება.უნდა მოვემზადოთ 2020 -ის არჩევნებისთვის და გავიდეთ ღირსეულად, მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობა, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. კატეგორიულად გამოვრიცხავ რიგგარეშე არჩევნებს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი დანაყოფებისთვის, რადიკალური ზომები ახალი არ არის.

„ისინი ყოველთვის მიმართავდნენ რადიკალიზმს, თუმცა მათი ყველა მცდელობა რადიკალიზმის, შეტევა პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შეტევა ეკლესიაზე და საზოგადოებაზე, ყოველთვის დამთავრდება კრახით. ეს არ არის ჩვენი, ეს არის საზოგადოების პასუხი მათ მიმართ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.