მამუკა მდინარაძე- გასახარია, რომ აშშ-ის ელჩი იმ სწორ პოლიტიკას მიესალმება, რასაც მმართველი გუნდი ახორციელებს
მამუკა მდინარაძე- გასახარია, რომ აშშ-ის ელჩი იმ სწორ პოლიტიკას მიესალმება, რასაც მმართველი გუნდი ახორციელებს

ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი ყველასთან სასაუბროდ უნდა გამოვიყენოთ – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ამერიკის ელჩის განცხადების კომენტირებისას გააკეთა. იან კელი საქართველოს მიერ რუსეთთან დიალოგს მიესალმება.

მმართველი გუნდი აშშ-ის ელჩის შეფასებით კმაყოფილია.

“ძალიან გასახარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმ სწორ პოლიტიკას მიესალმება, რასაც მმართველი გუნდი ახორციელებს. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი საერთაშორისო ფორმატი ყველასთან სასაუბროდ უნდა გამოვიყენოთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„თქვენ უნდა ელაპარაკოთ რუსეთს“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში 15 მარტს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. „ვფიქრობ, რუსეთთან დიალოგი არის აუცილებლობა. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ უნდა ვიურთიერთოთ რუსეთთან. აშშ-ს რამდენიმე ზღვა და დიდი ოკეანე აშორებს რუსეთისაგნ. თქვენ რუსეთთან გრძელი საზღვარი გაქვთ. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი აბსოლუტური აუცილებლობაა. მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების ინიციატივას. მესმის მისი იმედგაცრუების, რადგან ათი წლის განმავლობაში არ გვქონია პროგრესი. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში არ არის მზარდი ბორდერიზაცია, ურთიერთობების, ვაჭრობის უქონლობა. ვფიქრობ, უნდა იყოთ ფრთხილად. ძალიან დიდი ხანია, 40 წელზე მეტია, დაკავებული ვარ საბჭოთა კავშირითა და შემდგომ რუსეთით. საჭიროა, ფართოდ გახელილი თვალებით, რეალისტურად მიუდგეთ საკითხს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს უნდა ჰქონდეს პრაგმატული დიალოგი რუსეთთან“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.