მამუკა მდინარაძე - ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება
ბადრი ბასიშვილის პარლამენტში შემოყვანა ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, რადგან პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ თუ უფლებამოსილების ცნობის საკითხი არ განიხილა პარლამენტმა, სხვა შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, სხვა საკითხებს უყაროს კენჭი.
„რაც შეეხება თავად ბადრი ბასიშვილს, ამ ადამიანის შემოყვანა, ისეთივე ფორმალური საკითხი იყო, როგორც განაჩენის შემთხვევაში ნიკა მელიას პარლამენტიდან გაშვება. ასეთ ფორმალურ საკითხებზე პოლიტიკური სპეკულაციები არ ღირს, რადგან ყველამ იცის, რომ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ვინ მოხვდება და ვინ არა. ეს გადაწყვეტა ჯერ პარტიამ, შემდეგ ამომრჩეველმა, როდესაც მათ მხარი დაუჭირა. კი ბატონო, ყავდეთ თავისი ოდიოზური ბასიშვილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ფორმალურ ვალდებულებებს ვასრულებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს დაუჭირა მხარი. საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ითხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბადრი ბასიშვილის ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ კენეჭისყრის საკითხი არ განხილულიყო ან გადადებულიყო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტის სხდომაზე არ მივიდოდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.
ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
კონსტიტუციის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება, გახდეს.
სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და საპარლამენტო ფრაქციები – „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“.
საკითხზე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონვე აცხადებს უარს თავისი პარტიული სიით ნომინირებული კანდიდატის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობაზე.