მამუკა მდინარაძე - არ გამოვრიცხავ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომ ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, თუ კენჭისყრაზე არ შემოვლენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ გიორგი რურუას მოწოდებას, ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ სერიოზული პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, თუ კენჭისყრაზე არ შემოვლენ. მათი პროგნოზირება ცოტა რთულია, რადგან ღრმად შეტოპეს იმ მავნებლობაში, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი შეუერთდნენ არა ელჩების, არამედ მათი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერის, რურუას მოწოდებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა შევიდნენ და ხმა მისცენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. მგონი, რურუა უკეთესად ხვდება, რა ჩიხში შედიან მისი თანაპარტიელები და თანამებრძოლები, ვიდრე თავად ის ადამიანები, რომლებიც უფრო ადეკვატურები უნდა იყვნენ. ისეთ საქმეებთან დაკავშირებით არ ვაპირებ საუბარს, სადაც არ არის ბრალდებები ან განაჩენები, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის, ამას რომ თავი დავანებოთ, ვიცით, საზოგადოებრივი აღქმები, რურუას თუ ირჩევენ ეს ადამიანები ლიდერად, ეს მათი საქმეა, ისედაც სამ პროცენტიანი რეიტინგის ფარგლებში ეს მათი გასარისკია, ჩვენ ამაზე არ ვინერვიულებთ ნამდვილად. ჩვენთვის ეს სუბიექტურად უკეთესია, მაგრამ ქვეყნისთვის კარგი არ არის. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ჩვენი პარტიის სუბიექტური ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ დაემთხვა. პოლიტიკური პარტიისთვის, რომელსაც უწევს ეს პარტიები კონკურენციას არის კარგი, რადგან რურუა რომ იქნება ლიდერი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ქვეყნისთვის უბრალოდ სირცხვილია, რომ გიორგი რურუა მოიხსენიება ან პოლიტპატიმრად ან რომელიმე თუნდაც, ერთ პროცენტიანი პარტიის ლიდერად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. როგორც რურუა წერს, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა. „ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია“, – წერს რურუა.
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს. მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს არც „ევროპული საქართველო“.