რომან გოცირიძე - გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს
რომან გოცირიძე - გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გიორგი რურუას მოწოდების მიუხედავად, მისი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება.

„მისასალმებელია გიორგი რურუას ღირსეული საქციელი, მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ. მისი დამოკიდებულება ვიცით, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი – შეთანხმება უნდა შესრულდეს, ქვეყანაში არ უნდა არსებობდნენ პოლიტპატიმრები. საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა საერთო კონსენსუსით მნიშვნელოვანია, ეს უნდა შეიგნონ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი ხმები თუ სჭირდებათ, მხარს დავუჭერთ, თუ რურუას გაათავისუფლებენ”, – განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი რურუამ დღეს სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. როგორც რურუა წერს, პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა.  „ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია“, – წერს რურუა.