პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით 29 ივნისის სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის. კონსტიტუციური პროექტი უკვე მიღებულია მეორე მოსმენით, დარჩენილია მესამე მოსმენა, რაც რედაქციული ხასიათისაა.

დოკუმენტის გათვალისწინებით, მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. ცვლილებების მიხედვით, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების ერთ პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი ერთი პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი კი იქნება პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. ცვლილებებით განისაზღვრება – თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციური პროექტით, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში არ უნდა აღემატებოდეს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს.

პროექტის მიხედვით, თუ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების პროცენტული წილი მანდატების საერთო რაოდენობაში აღემატება პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში ამავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამს, პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება შესაბამისი მანდატები პროპორციულ არჩევნებში წარდგენილი საარჩევნო სიიდან და ისინი თანმიმდევრობით განაწილდება იმ სხვა უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

კონსტიტუციური ცვლილებებით იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. კერძოდ, დედაქალაქში რვა საარჩევნო ოლქი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ათი საარჩევნო ოლქი, დასავლეთ საქართველოში – 12. ამასთან, დოკუმენტის გათვალისწინებით, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან კი გათავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციური პროექტით განსაზღვრულია რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში, შესაბამისი არჩევნები ჩატარდება და პარლამენტი ფორმირდება 120/30 საარჩევნო მოდელით. პროექტში ნათქვამია ისიც, რომ 2024 წელს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. 2024 წლამდე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთჯერადად ან მრავალჯერადად ჩატარების შემთხვევაში კი, ბოლო რიგგარეშე არჩევნების მომდევნო არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო ბოლო რიგგარეშე არჩევნებში არჩეულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან.